ჩემ შესახებ
მოკლედ, შევეცდები ლაკონური ვიყო. დაბადებიდან ყველა ბაჩოს მეძახის, ყოველ შემთხვევაში, რაც კი უძველესი მეხსიერება შემომრჩენია გონებაში, იმაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებ, ასეა. ცოტა არ იყოს და უცნაურია ალბათ, რადგან ბაჩანა მქვია. ვსწავლობ ილია ჭავჭავაძის სახელობის ღვთისაგან გმობილ უნივერსიტეტში, რომელსაც ვახერხებ წარმატებით მეზიზღებოდეს. ლექციების უმეტესობას ვისმენ თსუ-ში, რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს სრული ჭეშმარიტებაა.
ამ ბოლო დროს, ხშირად მიფუჭდება ხოლმე განწყობა, რაც შეიძლება იყოს მიზეზი, უცენზურო სიტყვების ხმარებისა ბლოგზე, ამიტომ, კარგი იქნება თუ დაიკიდებთ ამ ფაქტს. არ მიყვარს დალევა, მაგრამ ხშირად მიწევს, ზემოთხსენებული განწყობილების გამოსასწორებლად. მიყვარს ფილტვების ნიკოტინით გაჟღენთა, შესაბამისად, chain smoker-თა კატეგორიის დამსახურებული ვეტერანი ვარ და მიხარია, რომ კიბოს ვაქცინაციისათვის ძალებს არ ზოგავენ ექიმები.
მიყვარს ლაპარაკი, ბევრი ლაპარაკი და ზედმეტიც კი ალბათ. კარგი საუბრისაგან ისეთივე სიამოვნებას ვიღებ, როგორსაც სექსის დროს. ვერ ვიტან მზეს და სიცხეს, უეცარი აღგზნებადობა მეწყება ხოლმე, თოვლი როდესაც მოდის. ძირითადად ვიძინებ გამთენიისას, ამიტომ, ვერ ვიტან დილით ადგომას. მაკომპლექსებს ფართო შარვლები და უჰალსტუხო პერანგები. სტუმრად მისვლისას, ყოველთვის მიმაქვს ოჯახში “რაფაელო”, მდედრთათვის კი დაცვარულ ყვავილებს ვანიჭებ უპირატესობას.
აი, სულ ესაა, არც ისე ლაკონურად, არც ისე ვრცლად, არც რადიკალური სიცრუით, არც ცალსახა ჭეშმარიტებით, about me by me.
gracias! have a nice day.
© ბაჩო ოდიშარია