Archive

Archive for the ‘Music’ Category

როდესაც უსმენ და ჟრუანტელი გივლის

October 22, 2009 8 comments

სიმღერების ქავერების მიმართ, ხშირ შემთხვევაში სკეპტიკურად ვარ ხოლმე განწყობილი. არის გამონაკლისები, როდესაც ორიგინალსაც კი მირჩევნია, სრულიად ახლებურ სტილში შესრულებული ჩემთვის საყვარელი ტრეკი, მაგრამ ძალზედ იშვიათად. არსებობს ქავერები, რომლებიც მდარე პირველსაწყისს, მეტად საამურ ჟღეერადობას აძლევს და პოპულარიზაციასაც უწევს, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ბრწყინვალე, მეტიც, გენიალურ სიმღერასთან, მისი ახლებური ვარიანტის მოსმენის სურვილიც კი ძნელია გაჩნდეს, რადგან გონებაში კარგად ჩაბეჭდილი ემოციები, რომელსაც იწვევს ტრეკი, გეშინია რუინებად არ აქციოს ახლებურმა ვარიანტმა.

Killers-ს მიმართ ჩემი დამოკიდებულება მეტად რომანტიკულია. ვთვლი, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ბენდია და დროთა განმავლობაში, სულ უფრო იხვეწებიან და ფენომენალურები ხდებიან ბიჭები. მათ სიმღერებს ვაკითხავ ხოლმე, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, მიხარია, ტუალეტში მინდა, თუ უბრალოდ კარაოკეში ვმღერი. მათი ერთ-ერთი კომპოზიციის თანხლებით მინდა დამასაფლავონ და ისევე ველოდები მათ ახალ ალბომს, როგორც 13 წლის ვაჟები, სიძვასთან ვიზიტს.

მოკლედ, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი killers-ს victim-ი ვარ და ჭაბუსების ყველა სიმღერის მიმართ მეტად საკრალური დამოკიდებულება გამაჩნია. მას შემდეგ, რაც when you were young-ს ქავერი მოვისმინე ქოლდფლეის (ფუი ეშმაკს) შესრულებით, ბევრი ვიბილწსიტყვავე და გადავწყვიტე ქილერსის ქავერი აღარასოდეს მომესმინა, თუ მას, ჩემთვის ზედმეტად საყვარელი სხვა შემსრულებელი არ ააჟღერებდა.

რამდენიმე დღის წინ, მეგობარმა ლინკი მომცა, ნახე, გარეკავო. დავაკლიკე და ამომიგდო mr. brightside-ს ქავერი. ვინმე ტომ რეილი ასრულებდა. ამ უკანასკნელის სახელი პირველად გავიგე. რაც იქნება, იქნება მეთქი და ჩავრთე ვიდეო.

0:15 – საოცარი ინტერესით განვიმსჭვალე, რადგან საერთოდ არ მოველოდი ასეთ დასაწყისს.

0:30 – მივხვდი, რომ ფატალური შეცდომა იქნებოდა, ვიდეო რომ არ ჩამერთო.

0:45 – გაკვირვებული ვუსმენდი. ვერ გამეგო როგორ შეიძლებოდა ამ ისედაც შედევრი სიმღერის კიდევ გაშედევრება.

1:00 – დავიბენი, ტაშის დაკვრა მომინდა

1:15 – აღმოვაჩინე რომ უკვე ვუკრავდი ტაშს

1:30 – წამოსული მუხტისაგან ყველა ძარღვი დამეჭიმა

1:45 – ვერ ვხვდებოდი როგორ გამომეხატა მოწოლილი ემოციები

2:00 – სულ უფრო და უფრო მძლავრად მივლიდა ჟრუანტელი

2:15 – მხოლოდ ერთი ადამიანი მედგა თვალწინ და მის ირგვლივ ტრიალებდა ყველა აზრი. მუცელი ამტკივდა, თითქოს მკლავდა გრძნობა, რომელსაც განვიცდიდი

2:30 – მეგონა მეტს ვეღარ ავტიანდი, აღსასრული ახლოვდებოდა

2:45 – ჩემი და ალექს ჯეიმსის სახის გამომეტყველება იდენტური იყო, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ჰაბიტუსს ვერ ვხედავდი

3:00 – მივხვდი, რომ თავად ვიყავი mr. brightside

© ბაჩო ოდიშარია

Resistance is not the way

September 11, 2009 Leave a comment

რატომღაც, თავიდანვე, “მიუზი”-ს ახალი ალბომის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ “Black Holes and Revelations”-ს შემდეგ, ეჭვი მეპარებოდა, მათ იგივე ხარისხის (უკეთესზე საუბარი აღარც მაქვს) ალბომი ჩაეწერათ. ისეთივე mind blowing-ი და ჟრუანტელის მომგვრელი. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი გამართლდა და “The Resistance” ისევე შორს დგას მისი წინამორბედისაგან, როგორც “პლაცებოს” “Battle for the sun”, “Without you I’m nothing”-სგან.

არ ვიცი ბელამის რა დაემართა, მაგრამ აშკარად მიმბაძველობას მიჰყო ხელი. ალბომში აშკარად იგრძნობა, პოსტ-რედიოჰედის ფსევდო მიმდევრობა. “United States of Eurasia”-ს მოსმენისას კი სასოწარკვეთილი ვაქნევდი თავს, იმის უარყოფის ნიშნად, რომ ეს Muse-ს ტრეკი არ იყო. ბელამი მერკური არაა და ვერც გახდება, როგორც არ უნდა ეცადოს. კარგია, როდესაც საკუთარი კერპებისაგან ცდილობ მაგალითის აღებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კარგად გამოგდის. საბოლოოდ, ალბომის მეოთხე კომპოზიცია, იმდენად აცხადებს პრეტენზიას Queen-ობაზე, რომ გამაღიზიანებელიც კია.

არადა, მოსმენა როდესაც დავიწყე, პირველი ტრეკის შემდეგ, გულდამშვიდებით ვიჯექი, რადგან “Uprising” მართლაც მშვენიერი სიმღერაა. სამაგიეროდ შემდეგ “Resistance” იწყება და ნამდვილად გიცრუვდება გული. ხოლო მას რაც მოყვება, უკვე არაფრით არ გავს იმ “მიუზს”, რომელიც მე და ალბათ უმეტესობა მსმენელებმაც შეიყვარეს.

თითქოს ბენდს სურდა ულტრა ფუტურისტული ჟღერადობა მიეცა ალბომისათვის, თუმცა ამაშიც გადააჭარბეს, ისევე როგორც პიანინოს კუთხით. ზედმეტად შეეცადნენ ყველა ტრეკი სიმფონიისმაგვარი გამოსულიყო, თუმცა აქაც კრახი განიცადეს, რადგან შანსონს უფრო დაამსგავსეს ეს ყველაფერი.

“MK Ultra” ალბომის ყველაზე ნათელი წერტილია და ბენდის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა. დასაწყისშივე, სავსე დრაივით და ბოლოსკენ ისეთი explosion დასასრულით, რომ ცოტათი აბათილებს მანამდე მონასმენ აბდაუბდას. “Exogenesis”-ს ტრილოგია კიდევ ცალკე საკითხია. პირველი სიმფონია ფილმის ტრეილერისთვის დაწერილ კომპოზიციას გავს. მეორეს შუა ორი წუთი რომ ამოაჭრა, ნორმალური გამოვა, მესამე კი, მათ შორის ნამდვილი ლიდერია, ზომიერად მელანქოლიური და ჰარმონიულიც კი.

საბოლოოდ, ალბომი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ “მიუზი” საკუთარი შემოქმედების წინააღმდეგ წავიდა. სიახლის ძიებაში, მათ ზედმეტი მოუვიდათ და ამით, წარსული დიდების ჩრდილში მიიმალნენ.

4/10

© ბაჩო ოდიშარია

Date with the cute

September 11, 2009 2 comments

კვირაში რამდენჯერმე, მაქვს ხოლმე ეგრედწოდებული “ჩაციკვლები”, ამა თუ იმ სიმღერაზე. მინდა ამ ორი დღის განმავლობაში, ჩემი ჩარტების ლიდერზე ვთქვა ერთი-ორი სიტყვა.

მორის სინდეკის where the wild things are, ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო წიგნად ითვლება, ხოლო სპაიკ ჯონსი რეჟისორთა იმ მცირედ კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც “ვიზიონისტის” სტატუსი, გიგანტური ბიუჯეტითა და მასებზე გათვლილი ფილმებით არ მოუპოვებია. სწორედ ამ წიგნის ადაპტაციისათვის დაწერილი OST-ს ერთ-ერთი კომპოზიცია, აგერ უკვე 48 საათია ყურში ჩამესმის და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ფილმის საუნდტრეკებზე მუშაობდა Karen O (YYY) და არცაა გასაკვირი, რომ ჯონსმა სწორედ მას მოუხმო თავის სურათისათვის სიმღერების დასაწერად. აქ არაფერშუაშია ის ფაქტი, რომ კერენი მისი ex gf არის, ალბათ სპაიკმა კარგად გააცნობიერა, რომ არტ-პანკის დედოფალი O, საუკეთესოდ მოარგებდა ფილმის სიუჟეტს თავის მუსიკას. საბოლოოდ, მუსიკის მხრივ ყველაფერი იდეალურად გამოვიდა და იმედია ფილმიც ასეთივე მშვენიერი იქნება.

მოკლედ, ისიამოვნეთ, Karen O and The Kids – All is love.

© ბაჩო ოდიშარია

Follow

Get every new post delivered to your Inbox.