15 days of autumn

ბლეჰ, არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა ამ ფილმზე რევიუს დაწერა. ტრეილერის გამოსვლის დღიდან, მომენტალურად მისი მოტრფიალე გავხდი, ყოველდღე ვნახულობდი და ვდებილდებოდი ტრეილერით. ყველაზე მეტად ველოდებოდი მის გამოსვლას, ასეთი ძლიერი სურვილი ფილმის ნახვისა, არასოდეს მქონია. ვაპირებდი მენახა, მხოლოდ ერთ ადამიანთან ერთად. დღეს როგორც იქნა ვნახე სურათი, ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანთან ერთად, უბრალოდ არა იმ ერთადერთთან, რომელთანაც ვაპირებდი.
500 days of summer არის ჩვენი თაობის “ენი ჰოლი”. ამ უკანასკნელისავით ჭკვიანური, ეპიზოდებში მხიარული, სავსე რეალური ემოციებით. ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რეჟისორი გვიხატავს სურათს, იმის შესახებ, თუ რა და როგორ ხდება, როდესაც “ბიჭი გაიცნობს გოგოს. ბიჭს უყვარდება გოგო. გოგოს არა”.
ფილმის სლოგანით სიუჟეტი ნათელი ხდება. როგორც ნარატორი გვეუბნება -თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის სასიყვარულო ისტორია, ეს არის ისტორია სიყვარულზე.
და მართლაც, ეს არ არის უბრალოდ ფილმი, ეს არის ძალიან რეალური ვიდეომასალა იმაზე, რაც ყოველ ჩვენთაგანს გადახდენია, ან შეიძლება გადახდეს. მეგობარმა რამდენჯერმე გამიმეორა: “უნდა გიხაროდეს, შენზე ბიოგრაფიული ფილმი გადაიღეს”. რამდენიმე ეპიზოდზე ერთნაირად გაოგნებული სახეები გვქონდა. მთავარი პერსონაჟი, ლამის სიტყვა სიტყვით იმეორებდა იმას, რაც მე მქონდა რამდენიმე თვის წინ ნათქვამი.
როდესაც ერთმა დანამდვილებით იცის რა უნდა, ხოლო მეორე ვერ ერკვევა საკუთარ თავში. როდესაც ერთს ჯერა სიყვარულის, მეორე კი თვლის, რომ ეს სანტა კლაუსივით მხოლოდ მითია. როდესაც ერთს უყვარს, მეორე კი უბრალოდ კარგ დროს ატარებს, შედეგად ვიღებთ 500 days of summer-ს, ან უფრო მარტივად, იმას, რასაც ცხოვრება ეწოდება.
როდესაც შენ გიყვარს, თუ როგორ იქნევს ის მარჯვენა ხელს სიარულის დროს, როგორ ჭუტავს თვალებს, როდესაც იღიმება, როგორ ნელა მიირთმევს სენდვიჩებს, როგორ ხრის ფეხს დგომისას, როგორ არ ხუჭავს თვალებს, როდესაც გკოცნის, როგორ წარმოთვამს “ოf”-ს. გიყვარს მისი ხმა, მისი სურნელი, გიყვარს მისი შეხება, გიყვარს უბრალოდ რომ სეირნობთ, გიყვარს მასთან საუბარი, გიყვარს, რომ თითქმის ყველაფერი, რაც მოგწონს შენ, მასაც მოწონს. ბედნიერების ზენიტში ხარ, როდესაც ხედავ და თუნდაც რამდენიმე წუთს ატარებ მის გვერდით…
…”ჯობს ერთმანეთი აღარ ვნახოთ” – ამ ფრაზის შემდეგ, ყველაფერი თავზე გენგრევა. ჰარმონია, რომელიც ირგვლივ სუფევდა, მირაჟივით ქრება და ვეღარც აცნობიერებ, რომ ის არსებობდა. დეპრესია შეტევაზე გადმოდის და შენც ვერ ახერხებ გაუმკლავდე. იწყებ სმას, რათა რამდენიმე წუთით მაინც გაექცე რეალობას. წამით ვერ წყვეტ მასზე ფიქრს და ვერ იტან საკუთარ თავს. ცდილობ, რამეზე/ვინმეზე გადართვას, მაგრამ უშედეგოდ. ორმაგად ემოციური ხდები. უაზროდ ღიზიანდები, უაზროდ იცინი, უაზროდ მღერი. რაც იყო შენთვის აზრის მომცემი, გაქრა და სიცარიელეს გრძნობ. მის გარეშე ვერ ხედავ საკუთარ მომავალს და არც გინდა დაინახო.
ასე და ამგვარად, ფილმი არის მათთვის, ვისაც დიდი იმედგაცრუება უგრძვნია, ვისაც სიყვარული დაუკარგავს, “ვისთვისაც თავზე დაუჯვამთ. გადაჭარბების გარეშე”. არ ნახოთ ფილმი, თუ ბედნიერად გრძნობთ თავს, მაინც არაფერს მოგცემთ. არა, პრინციპში ჯობს ნახოთ და იქნებ ასე ყლეურად არასოდეს მოიქცეთ.
მოკლედ, ნახეთ ფილმი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხატვრული კუთხით, რამდენიმე კრეატივის ფოიერვერკი და რეჟისორული ოსტატობის უმაღლესი დემონსტრაცია გელით წინ. პლუს ამას ძალზედ ნატურალური პერფორმენსები და ბრწყინვალე მუსიკა.
ხო, და ბოლოს, თუ მაზოხისტი არ ხართ, და არ გსურთ თავი უკანასკნელ გენიტალიად იგრძნოთ მსოფლიოში, თუ არ გიზიდავთ ტანჯვა, თუ არ გსურთ, მომაბეზრებლად ისმინოთ კითხვა “რა გჭირს?”, თუ არ გსურთ, რომ ცხვორება ორანგუტანის განავალს დაემსგავსოს, დაკარგოთ ყველაფრისადმი ხალისი და ინტერესი, დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ კი, თვალცრემლიანი გაუყვეთ გზას, მაშინ უმორჩილესად გთხოვთ – არავინ(!), არასოდეს არავინ შეიყვაროთ!
© ბაჩო ოდიშარია
