Archive

Posts Tagged ‘წიგნი’

გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები

September 14, 2009 1 comment

წეღან, “პირველ არხზე” რეკლამა ვნახე, რომელიც ახალგაზრდებს წიგნიერებისაკენ მოუწოდებდა. გამეცინა – თითქოს ამ სატელევიზიო რგოლით რამე შეიცვლება. შემდეგ გამახსენდა, რომ ორ თვეზე მეტია არაფერი წამიკითხავს. ზოლას “ფულმა” მორალურად ისე დამაძაბუნა, არაფრის წაკითხვის თავი აღარ მაქვს. მოკლედ, ახლა მე გავაკეთებ იმ წიგნების მცირე ჩამონათვალს, რომლებმაც ჩემზე, ასე თუ ისე, დიდად თუ მცირედ, რაღაც გავლენა მაინც იქონიეს (ნუმერაციას მნიშვნელობა არ აქვს).

1. “დანაშაული და სასჯელი” – ფიოდორ დოსტოევსკი

პირველივე გვერდიდან, დოსტოევსკი სულის ძალიან სახიფათო სიღრმეში ჩამიძვრა და ჩემით მანიპულირება დაიწყო. რასკოლნიკოვის აზროვნების კუთხე ჩემთვის მისაღები გახადა, დასასრულს კი ისეთ მდგომარეობაში დამტოვა, რომ რამდენიმე დღე ეპილოგის ანალიზს მოვანდომე და ყოველ ღამე, ძილის წინ, გონებაში განვიხილავდი, თუ რას ნიშნავდა როდიას სიზმრები და რატომ მესიმპატიურებოდა ასე, ორი ადამიანის მკვლელი.

2. “სამი მეგობარი” – ერიხ მარია რემარკი

ალბათ რემარკის წიგნებმა სიყვარულზე, ერთგულებაზე და ღირსებაზე, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, ჩემი ხასიათის და აზროვნების ჩამოყალიბებაში. მან ჩემზე სიკეთისა და მშვიდობის ერთგვარი მანიფესტივით იმოქმედა. უდიდესი თანაგრძნობა აღმიძრა მთავარი გმირების მიმართ და მათ ბედზე ისევე ამაღელვა და მანერვიულა როგორც საკუთარზე.

3. “შიმშილი” – უიტლი სტრიბერი

წიგნმა საოცრად გამიტაცა თავის მისტიკურობით და მარადიული სიცოცხლის თემით. მისი კითხვისას, სრულად ვწყდებოდი რეალობას და სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი ვამპირებით სავსე სამყაროში. მათთან ერთად, ვირტუოზულად ვმოგზაურობდი მეოცე საუკუნის ამერიკიდან, ანტიკურ რომში და უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი რომანში ასახული პერიპეტიებისაგან.

4. “მარტინ იდენი” – ჯეკ ლონდონი

საერთოდ, ჯეკ ლონდონი ძალიან მიყვარს, ეს წიგნი კი განსაკუთრებით. ყველაზე მეტად, ვინც კი საკუთარ თავთან გამიიგივებია, იყო მარტინ იდენი. ვეთანხმებოდი ყველა მის გადაწყვეტილებას და ვგრძნობდი, რომ არსებულ სიტუაციაში, მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი. აღტაცებაში მოვყავდი პერსონაჟის მეტამორფოზებს და სულ უფრო ღრმად ვძვრებოდი მის ტყავში. ალბათ ასეთი გენიალური დასასრულით, სხვა წიგნი არც წამიკითხავს.

5. “დონ კიხოტი” – მიგელ დე სერვანტეს საავედრა

მახსოვს ზაფხული იყო, “ლამანჩელის” კითხვა რომ დავიწყე. აგარაკზე ავედი და როგორც შემდგომ აღმოვაჩინე, წიგნი თბილისში დამრჩა. რამდენიმე წუთში, უკანა გზაზე ვიყავი, მის წამოსაღებად. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, გიჟური, მახვილგონივრული და ფეერიული ნაწარმოები, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.

6. “ანა კარენინა” – ლევ ტოლსტოი

ტოლსტოის სიუჟეტური გადასვლები, მრავალსაფეხურიანი ისტორიის განვითარებები, ერთი-მეორეზე საინტერესო მოქმედი პირები და მუდმივი ცვლილებები მათ ხასიათში, საშუალებას არ მაძლევდა წიგნიდან თავი ამეღო. თავიდან კარენინა ჩემი ოცნების ქალი იყო, შემდეგ ეს მიზიდულობა ზიზღმა ჩაანაცვლა. ლევინს მთელი არსებით ვგულშემატკივრობდი, ხოლო სტეპან არკადიჩზე მუდმივად მეცვლებოდა შეხედულება. მაგიჟებდა ყოველი დეტალის სკრუპულოზურად აღწერა ავტორის მიერ და მრავალფეროვან შეგრძნებათა ბუკეტი, რომელსაც მწერლის კალამი მჩუქნიდა.

7. “ოსტატი და მარგარიტა” – მიხაილ ბულგაკოვი

საოცრად გამომგონებლური და მხიარული. წიგნი, რომელიც ხან დროის ერთ მონაკვეთში გამყოფებს, ხან მეორეში. ხან ეშმაკთან დაგაყენებს პირისპირ, ხან ქრისტესთან. ეს არის ცინიზმის დღესასწაული და ფანტაზიისათვის ფრთების შესასხმელად, იდეალური მასალა. და მასშია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი – კატა ბეჰემოტი, რომლის ხუმრობებზეც ისტერიკულად ვიცინოდი, ხოლო ეპიზოდზე, როდესაც ის განგსტერივით იწყებს იარაღიდან სროლას, ჩემი ემოციები კულმინაციას აღწევდა.

8. “ფიესტა” – ერნესტ ჰემინგუეი

ყველაზე მეტად რამაც წიგნში გამიტაცა, მისი სილაღე იყო. ის თუ როგორ იკითხებოდა და როგორი პირდაპირი და უბრალო სტილით აღწერდა მოქმედებებს ავტორი. რაღაც კუთხით ძალიან ძლიერი და ადვილად აღსაქმელი, ზოგჯერ კი ძალზედ რბილი და ემოციური. ყველაფერი მკაფიოდ და ცალსახად დეკლარირებული. ისე, როგორც ეს ჰემინგუეის პროზას ჩვევია.

9. “ფაუსტი” – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

იყო პერიოდი, როდესაც პოემებზე ჩაციკლული იყავი. განსაკუთრებულად მიყვარდა “დაკარგული სამოთხე”, “ღვთაებრივი კომედია” და “ფაუსტი” (მომიტევოს ჰომეროსმა). ამჯერად არჩევანი ამ უკანასკნელზე გავაკეთე. ძალზედ ძნელია იმ ემოციების გადმოცემა, რომელსაც კითხვის დროს განვიცდიდი. მგონი გოეთემ მიყიდა სული მეფისტოფელს და არა ფაუსტმა. კითხვაზე: “და რის შესახებაა საერთოდ ის?” პასუხის გაცემა, რომ: “რავიცი, ვიღაც უბედური ექიმი ეშმაკს სულს მიყიდის და იწყებს ბედნიერების საძებნელად ბოდიალს” – ნიშნავს თავად მოაწერო ხელი საკუთარი სისხლით, ჯოჯოხეთში სამარადისო საგზურის აღებაზე. ეს პოემა ხომ ყველაფრის შესახებაა: სიცოცხლისა და სიკვდილის, სიყვარულისა და სიძულვილის, არჩევანისა და ვალდებულების, კეთილისა და ბოროტის, ყველაფრის, რაც კი დედამიწის ზურგზე არსბობს.

10. “ულისე” – ჯეიმს ჯოისი

ყველაზე დიდი მისტერია ჩემს პრაქტიკაში. წიგნი, რომელმაც მშთანთქა, დამადებილა და ყველაფერი დამავიწყა ირგვლივ. ჯოისის ყოველ წინადადებას და ფრაზას გულდასმით ვუღრმავდებოდი და მუდამ ქვეტექსტებს ვეძებდი. ვხვდებოდი რომ ეს წიგნი ჩემისთანა მოკვდავებისთვის არ იყო დაწერილი. მე ჩამიქრა სიცოცხლისადმი ტკბობა, რადგან გავაცნობიერე, რომ იმავე ღმერთმა, რომელმაც შემქმნა მე, შექმნა ჯეიმს ჯოისი. არაორაზროვნად, “ულისე” ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურული ძეგლია, რომელიც ზეადამიანებისათვის დაიწერა. და რაც უფრო შორს ვტოპავდი მისი კითხვისას, მით უფრო მძულდა საკუთარი თავი. საბოლოოდ, მე ის მაინც წავიკითხე, მაგრამ ვთვლი, რომ იმას მაინც ვერ ჩავწვდი, რისთვისაც ნაწარმოები შეიქმნა. ალბათ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მას კვლავ გადავიკითხავ. ან უფრო ადრე, თუ მანამდე გასხივოსნებას მივაღწევ.

© ბაჩო ოდიშარია

Categories: Review, Uncategorized Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Jack Sparrow is back again!

September 12, 2009 2 comments

დღეს, სტუდია Walt Disney Pictures-მა, ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ “კარიბის ზღვის მეკორბეების” მეოთხე ნაწილი, გამოვა 2011 წელს და მისი სახელწოდება იქნება: Pirates of the Caribbean: On Stranger Tides.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტორმა ტიმ პაუერსმა, დაწერა წიგნი, ანალოგიური სათაურით – On Stranger Tides. სიუჟეტის მცირედი ექსკურსის გარეშე, არაფერი გამოვა. მოხერხებულად მოკალათდით სავარძლებში და გამაგრდით:

მეთოჯინე ჯონ შანდანაკი, მიემგზავრება იამაიკაზე, რათა შური იძიოს ბიძაზე, რომელმაც მამის დანატოვარი მემკვიდრეობა მოჰპარა, მაგრამ ამის მაგივრად, იგი აღმოჩნდება ადგილობრივი ბანდიტების ტყვეობაში, ხოლო საბოლოოდ, თავად გახდება ერთ-ერთი მათგანი – კაპიტანი ჯეკ შენდი. მთავარი გმირი, აღმოაჩენს თავისთვის უცნობ, ახალ სამყაროს, სადაც არ არსებობს ქცევის ნორმები, ზღვაში გემები უმიზეზოდ ესვრიან ერთმანეთს ზარბაზნებიდან, ხოლო ნაპირზე, თავის ბინძური საქმეებით არიან დაკავებულნი, ვუდუს მიმდევარი ჯადოქრები. ამასობაში, ლეგენდარული მეკობრე შავწვერა, აგროვებს თავის ფლოტს, რათა აღმოაჩინოს მითიური ახალგაზრდობის შადრევანი. ჯეკ შენდი იძულებულია იზრუნოს საკუთარი თავის და მისი შეყვარებულის გადარჩენაზე, შავწვერას ზებუნებრივი ძალებისაგან.

ეს ყველაფერი, მშვენივრად ერწყმის “მეკობრეების” მესამე სერიის დასასრულს, როდესაც ბარბოსა, რეკვიზიციას უკეთებს “შავ მარგალიტს”, ხოლო ჯეკს, აღმოაჩნდება რუკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

როგორც ჩანს ანტოგონისტი შავწვერა იქნება. სიუჟეტის შესახებ სხვა ჯერ არაფერია ცნობილი. ბრუკჰაიმერი უშედეგოდ ცდილობს გორ ვერბინსკი დაითანხმოს რეჟისორის პოსტზე, მაგრამ რაც მთავარია, ჯონი დეპი და ჯეფრი რაში, მზად არიან თავიანთი ეკრანული გმირების ტყავში, აგერ უკვე მეოთხედ გაეხვიონ.

© ბაჩო ოდიშარია

Follow

Get every new post delivered to your Inbox.