მთავარი > Movie, Review > ჰარი პოტერი და ფატალური შეცდომები

ჰარი პოტერი და ფატალური შეცდომები

ბოროტი ადამიანები Warner Bros.-დან, ზედმეტად კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან მათმა მორჩილმა მარიონეტმა, დევიდ იეიტსმა, მეექვსე “ჰარი პოტერი” გადააქცია მოულოდნელობის კასკადად, ისეთად, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც რომ ვერ იფიქრებდნენ, რადგან ასე თუ ისე, მეხუთე ნაწილი კარგი გამოუვიდა რეჟისორს.

ყველა მაყურებელს, ვინც გადაწყვიტა თავისი დროის 2 საათზე მეტი, ფილმის ხილვისათვის დაეთმო, რომელშიც ეპიკურობას, მასშტაბურ სპეც-ეფექტებს და მუდმივ ბრძოლას კეთილსა და ბოროტს შორის მოელოდა, არ ეყოფა მოთმინება და ნერვები, იმისათვის, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს ამ შოკისმომგვრელი ფაქტის წინაშე: “პოტერიანის” ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი – “ნახევარპრინცი”, სხვა არაფერია, თუ არა თინეიჯერული რომანტიკული კომედია, განძარცვული ეპიკურობის, ვიზუალური ეფექტების და მასშტაბურობისაგან. სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი ასე თუ ისე დატოვა რეჟისორმა ფილმში, მადლობა უფალს.

როდესაც ამ, რბილად რომ ვთქვათ არასასიამოვნო ცვლილებებს აღმოაჩენთ, ისღა დაგრჩენიათ, პროდიუსერებს ლაზათიანად აგინოთ, რადგან მათი მარწუხები ასე ძლიერ იგრძნობა მთელი სეანსის განმავლობაში. შემდეგ გადახვიდეთ ბატონი დევიდის ლანძღვაზე, რომელმაც დათმო საკუთარი პრინციპები და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უბრძანეს და ამით დაასაჭურისა წიგნში ასახული პერიპეტიები და იაფფასიან სანახაობად აქცია მშვენიერი მასალა ადაპტაციისათვის. ან უბრალოდ, შეგიძლიათ შეეგუოთ სიტუაციას და მხრები აიჩეჩოთ – ჯანდაბას, იყოს კომედია. ალბათ მეორე სახის მიდგომა უფრო რაციონალური და პროდუქტიულია არა?

როგორც რომანტიკული კომედია, “პოტერი” არც თუ ისე ცუდად უმკლავდება მთავარ დავალებას: გვიჩვენოს ჰარის გადასვლა მოწიფულ ასაკში, გამოარკვიოს ურთიერთობები მთავარ პერსონაჟებს შორის და გულიანად აცინოს მაყურებელი. ყველაზე უკეთ, რასაკვირველია ფილმს ეს უკანასკნელი გამოსდის. აქ არის მუდამ გაკვირვებული ლუნა ლავგუდი, რომელსაც ალბათ ყველა უკეთეს პარტნიორად მიიჩნევდა მთავარი გმირისათვის, ვიდრე ყოველგვარ მომხიბვლელობასა და სილამაზეს მოკლებულ ჯინი უიზლის. სიყვარულის ელექსირისაგან გამოთაყვანებული რონი, რომელიც სახის ისეთ გამომეტყველებებს იღებს, ძალაუნებურად აგიტყდებათ სიცილი და თავად ჰარი, წარმატების ელექსირის მიღების შედეგად ისეთი თავდაჯერებული, როგორიც აქამდე არცერთ სერიაში ყოფილა.

რაც ყველაზე ცუდია, წიგნში არსებული dark ატმოსფერო, ნერვოზული სიტუაციები და ისტერიულობაც კი, მაყურებელს სავარაუდოდ მეშვიდე სერიამდე დაემშვიდობა. ალბათ ატმოსფეროზე პასუხისმგებელ ეპიზოდებად ორი სცენა უნდა მივიჩნიოთ – საწყისი ხიდის ნგრევის სცენა, როდესაც სიკვდილის მხვრელები მაგლებით დასახლებულ ქალაქს ესხმიან თავს და დამბლდორისა და ჰარის ჯვაროსნული ლაშქრობა გამოქვაბულში, ჰორკრუქსის წამოსაღებად. ხო, და ბოლო ფსევდო სენტიმენტალური გამომშვიდობება ერთ-ერთ მთავარ გმირთან.

თუმცაღა, გამძვინვარებული იმის ყვირილი, რომ იეიტსმა ფანტაზია დაუმახინჯა მკითხველს და რომ ყველაფერი ასე არ ყოფილა, იგივეა, რომ დილაობით მრავალსართულიანი მოხსენება წაუყენო მზეს იმის გამო, რომ ის ზედმეტად ანათებს, თვალებში გიჭყიტინებს და საშუალებას არ გაძლევს, ეროტიკულ სიზმრებს მიუბრუნდე.

ასეა თუ ისე, ძალიან ბევრი შეიძლება იწუწუნო იმის შესახებ, რომ ფილმში კანონები შეასწორეს, აქცენტები აურ-დაურიეს, ამოაგდეს, ან ზედმეტად გაამახვილეს ყურადღება საჭირო თუ უსარგებლო სცენებზე, განცვიფრებით იკითხო, თუ რაში დაიხარჯა 250 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, მაშინ, როდესაც სურათში არცერთი მომენტია დასამახსოვრებელი თუ სანახაობრივად, ვიზუალურად გამართული და ამაში ვერავინ გაგამტყუნებს. თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას – ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ბრიტანელი მსახიობი – ალან რიკმანი, რომელსაც რა თქმა უნდა არ შეეძლო თავის ეკრანული გმირი, ლამის ყველაზე საინტერესო პერსონაჟად არ ექცია მთელს კინოეპოპეაში.

ვინაიდან და რადგანაც, “პოტერიანას” დაასრული მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოვა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რაც შეიძლება რბილად და კომფორტულად მოვეწყოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგი სერიები მაინც გაამართლებენ მოლოდინს. და კიდევ, კინაღამ გამომრჩა, ქვიდიჩს რაც შეეხება, ყველაფერი კარგად იყო გაკეთებული და ალბათ ეს სასიხარულო უნდა იყოს, რადგან მას, ჩვენ უკვე, ნამდვილად ვეღარ ვიხილავთ.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
  1. სექტემბერი 12, 2009, 5:10 AM

    კუბრიკ, ფილმებზე მე შენ იშვიათად გეკამათები. ამის მიზეზი ორია: დაახლოებით ერთნაირი გემოვნება გვაქვს და მეორე: შენ ჩემზე გაცილებით კარგად ხარ გარკვეული საქმეში.ამ შემთხვევაშიც უნდა დაგეთანხმო, თუმცაღა მე შევეცდები იმედგაცრუების მიზეზები დავინახო.
    ძნელია არ დაგეთანხმო იმაში, რომ ფილმში გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი “ღლაპების” სასიყვარულო გრძნობები. სიტყვას გადაჭარბებულად იმიტომ ვხმარობ, რომ მცირე დოზით არ ეს იქნებოდა ცუდი საყურებელი, ბოლოს და ბოლოს მათ ასაკში, რომ არ “უჩუჩუნებდეთ” გასაკვირიც იქნებოდა, მაგრამ აქ იესტმა გადაამლაშა და ფილმს მართაც ჩამოკრავს ახალგაზრდული რომანტიკული კომედიის ელფერი. მითუმეტეს ამაზრზენად მომეჩვენა ეს, როცა ისეთი დიდ მაგს, როგორიც ალბრუსია, უხერხულად ცანცარულ ხუმრობებს ათქმევინებს რამდენიმე ეპიზოდში.
    შეიძლება ჩვენი იმედგაცრუება გამოიწვია მეტის მოლოდინმა. დაახლოებით ასეთი რამის თქმა მინდა: როცა ობამა გახდა ამერიკის პრედენტი, აშშ-ს მოსახლეობა (და არამარტო) მისგან სასწაულებს მოელოდა. ობამაკი სასწაულმოქმედი არ არის, ის უბრალოდ ბარაკ ჰუსეინია, ამიტომაც ხალხს მალე გარკვეული იმედგაცრუება შეექმნება მის მიმართ. ასევეა ეს სერიაც. მახსოვს ტრეილერი როცა გამოვიდა, ორივემ ვთვით ძალიან მაგარი რამე ჩანსო. აი ამ ძალიან მაგარის მოლოდინში შეგვრჩა არცთუ ისე კარგი ფილმი, რომელსაც “ექშენი” მართლაც აკლია

  2. maqciaa
    სექტემბერი 12, 2009, 9:36 AM

    100%

    თითქმის იმავე შთაბეჭდილებებით დავრჩი. გაბრაზებული და იმედგაცრუებული…

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: