Archive

Author Archive

Scott Pilgrim’s precious little life vs the universe

October 30, 2010 10 comments

“სკოტ პილიგრიმი” წლის ყველაზე ორიგინალური და გამომგონებლური ფილმია. მასში მშვენიერი პეფორმენსებია, დიდებულადაა გადაღებული, ბრწყინვალე რეჟისურა აქვს და კიდევ უფრო უკეთესადაა დაწერილი. ედგარ რაიტის მიერ არჩეული თემა შეიძლება პოპულარობით ბევრად ჩამოუვარდება მუდმივად ცოცხალ კლიშეს ორ განსხვავებულ მეწყვილე პოლიციელსა და ზომბი-აპოკალიფსზე, მაგრამ თითოეული ადამიანის ვალია მინიმუმ ერთხელ მაინც ნახოს “პილიგრიმი”, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შანსია უმეტესობა თქვენგანისათვის ფილმი “საჩემო არაა” აღმოჩნდეს, ამ შემთხვევაშიც, თქვენ არა მხოლოდ გაიფართოვებთ საკუთარ მსოფლმხედველობას, რაღაც ახალი და ორიგინალურის ხილვით, არამედ გაეცნობით მომავალ “უცნობ” საკულტო კლასიკას, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ “სკოტ პილიგრიმი” შეგიყვარდეთ? დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა სიძულვილს არ განიცდიდეთ კომიქსებისა და ძველი ვიდეოთამაშებისადმი. ფილმის მთელი სტრუქტურა კომპიუტერულ თამაშს გავს, ხოლო მასში ნაჩვენები სამყარო, აბსურდამდე დაყვანილ კომიქსების წესებს, სუპერგმირების შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერ შეძლებთ გაიგოთ რა ხდება ეკრანზე, თუ დიდი შესაბამისი ცოდნა არ გაგაჩნიათ. ბოლოს და ბოლოს გამოქვაბულში მცხოვრებ ხალხსაც კი უნდა ქონდეს ყური მოკრული მაინც კომპიუტერულ თამაშებსა და მის ისეთ თავისებურებებზე, როგორიცაა ქულების შეგროვება, ბოსები, სირთულის საფეხურები და დამატებითი სიცოცხლეები.

თუმცა ერთ რამეში მაინც მომთხოვნია სურათი მაყურებლისადმი. ბოლომდე რომ შეიგრძნოთ ფილმი, უნდა შეგეძლოთ “თამაშის წესების” მიღება, როგორი გიჟურიც არ უნდა გეჩვენოთ ის. უნდა ირწმუნოთ სამყაროს არსებობა, სადაც ერთ ჩვეულებრივ გიკსაც კი სუპერძალები გააჩნია, ყავს საკუთარი როკ-ჯგუფი, სადაც გოგონები საკუთარ ჩანთებში გიგანტურ კუალდებს ინახავენ, სადაც მტრები სიკვდილის შემდეგ მონეტებად იქცევიან, ხოლო ხალხი ამას ძალიან წყნარად იღებს და არც ცდილობს ლოგიკური ამოხსნა მოუძებნოს რაიმეს. “სკოტის” არაჩვეულებრივი რეალობა, არ მოეწონება მათ, ვისაც ეშინია საკუთარი ჩარჩოების მიღმა გასვლის, იმათ, ვინ უკვე “too old for this shit” და ვისაც როკ-ჯგუფში მხოლოდ როკ-ჯგუფის დანახვა შეუძლია და არა guitar hero-ს ფანატის ფანტაზიის.

მაგრამ ეს ყველაფერი მინც არაა. ყველაზე კრიტიკული კუთხით რასაც შეიძლება მიუდგეთ, არის პერსონაჟები. მოგეწონებათ გმირები – შეიყვარებთ ფილმს. საქმე იმაშია, რომ ამ რომანტიკული კომედიის მოქმედი პირები (კი, თუ აქამდე არ იცოდით, რომანტიკული კომედიის შესახებ ვსაუბრობ), არა იდეალური ბიჭი და გოგო, არამედ ზდმეტად თავისებური და თავიდან, შეუფერებელი წყვილი არიან. ყველა პერსონაჟი, საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტია. კი, ისინი კარგები არიან, მზად არიან მეგობრებს დაეხმარონ და იზრუნონ ახლობლებზე, მაგრამ პირად ინტერესებს, მაინც ყველაფერზე მაღლა აყენებენ.

ამიტომ, ჩნდება შეკითხვა, რომელიც თავიდანვე ნათელს გახდის ყველა კონკრეტული მაყურებლის დამოკიდებულებას ფილმისადმი: “შეძლებთ მიიღოთ და შეიყვაროთ გმირები ისეთები, როგორებიც არიან?” და სწორი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს – ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს შეხედულებებსა და ურთიერთობებზე.

ასე რომ დიახ, “სკოტ პილიგრიმი” არ არის ფილმი, რომელსაც ყველა მოიწონებს და არა მხოლოდ ყველაფერი ზემოთქმულის გამო. ვიღაცამ ისიც კი შეიძლება თქვას, რომ ის სასაცილო არაა, თუმცა ის საშინლად მხიარულია. ვიღაც იტყვის, რომ მასში ექშენი არ ვარგა, თუმცა ექშენი აქ ბევრია, ლამაზია და მრავალფროვანი. ვიღაც კი საერთოდ იმას განაცხადებს, რომ ფილმში ყველაფერი ცუდია – თუმცა ასეთმა ჭკვიან ხალხს, თავისუფლად შეუძლია და ვალდებულიცაა, წავიდეს და მასტურბაციით დაკავდეს. “სკოტ პილიგრიმი” არც კი ცდილობს ყველას მოაწონოს თავი, მას ეს უბრალოდ არ აინტერესებს. ის მხოლოდ მისთვის ახლო ადამიანებისათვის მოქმედებს, მათთვის, ვინც მასსავით ერთ ტალღაზე აზროვნებს. აი ისინი კი ფილმისაგან აღფრთოვანებულნი დარჩებიან.

Shutter Island – მარტისა და ლეოს სამფლობელო

February 27, 2010 21 comments

სიბერის წლებში, მარტინ სკორსეზემ უჩვენა ახალგაზრდა ხულიგნებს, როგორებიც არიან მაგალითად ჯეიმს ვანი და ემ ნაით შამალანი, თუ რაში მდგომარეობს დაძაბულობის მთელი ჰარმონია. “Shutter Island”-ს შემდეგ, ამ პატარა, ტრილერის გენიოსებმა მოულოდნელი დასასრულებით, მართალია ჯერ ადრეა იფიქრონ მონასტერში წასვლაზე ცოდვების მოსანანიებლად, მაგრამ ამით, სიტუაცია ნაკლებ ირონიულ სახეს ნამდვილად არ იღებს.

ისევ მეორდება ისტორია, როგორც ეს იყო “The Departed”-ს შემთხვევაში, როდესაც არავინ, გარდა ერთგული ფანებისა, არ მოელოდა ბაბუისაგან ასეთ საოცრებას. როგორ იმყოფება ასეთ კარგ ფორმაში? რას მიირთმევს საუზმეზე? რომელ სტეროიდებს იღებს? რა ჟანრის პორნოზე მასტურბირებს? და ეს ოხერი, მალე დაიწყოს ამ ყველაფრის სხვებისათვის გაზიარება – ახალგაზრდა თაობას ესაჭიროება ჯანსაღი აღზრდა.

უწოდო “Shutter Island”-ს ატმოსფერული ფილმი, იგივეა მზეზე თქვა: ამ პატარა ბურთულას, ცოტა არ იყოს და მხურვალე ზედაპირი აქვს. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფილმის ატმოსფერო, დაუკითხავად იჭრება შენი ლოკაციის არეალში და გირღვევს მყუდროებას, თითქოს შენს გვერდით მჯდომი პიროვნება, ურცხვად გაბოლებს სახეში თამბაქოს კვამლს. ეფექტი ამისაგან ძალზედ დიდია – რიგ მომენტებზე ძლიერი ნერვული წიკები გეწყება, ზოგზე კი პარანოიის შემოტევები.

სიუჟეტი ყოველგვარი სტიმულატორის გარეშე, გაგონებს, არა, გიჟის ნაბოდვარს არა, მაგრამ ავადმყოფურიი წარმოსახვის ნაწარმს – რა თქმა უნდა კარგი გაგებით. მოიცადეთ, სხვა რამეს მოელოდით ფილმისგან, სადაც მთავარი პერსონაჟი ფედერალური მარშალია, რომელსაც ხშირად ელანდება გარდაცვლილი ცოლი და რომელსაც გაგზავნიან ერთ-ერთი პაციენტის უეცარი გაუჩინარების გამოსაძიებლად, კუნძულზე არსებული მკაცრი რეჟიმის საგიჟეთში, სადაც იმყოფებიან მეუღლეების მკვლელები და შესაძლოა არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებენ ყოფილი ფაშისტი დამნაშავეები?

ფაბულას თუ საღ გონებაზე დავუკვირდებით, ადვილად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ რაღაც არ არის წესრიგში, მაგრამ დამიჯერეთ, რეორგანიზაცია მოახდინო ფილმის მსვლელობისას, შეუძლებელია, იმდენად დამაჯერებლად ურევენ გონებას ჩვენს მეგობარ ლეოს. მართალია მთელ სურათში აქა-იქაა გაფანტული მინიშნებები, მაგრამ ამას ბოლო წუთებამდე ვერ ამჩნევ, სანამ მოზაიკა მთლიანად არ შეივსება – არა შენით, არამედ ავტორის მეშვეობით. ყველაფერი უბრალოდ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს – მთავარი გმირი, მისი გარშემომყოფები, მოტივაცია და შედეგი. მართალია მაყურებლისაგან წინასწარმეტყველი არ გამოვიდა, მაგრამ არის წუთები, როდესაც თავს ყველაზე დიდ შტორციან ფსიქოლოგად იგრძნობთ. რა თქმა უნდა თქვენ შეცდებით, მაგრამ ის რამდენიმე წუთი ორგაზმზე სასიამოვნო იქნება (არა, ეს გადავამლაშე). რაღაცნაირი სასიამოვნო ფაქტია, როდესაც მაყურებელსა და რეჟისორს შორის, ასეთი კარგი ურთიერთგაგება ხდება.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, დიკაპრიო უკვე მესამედ თამაშობს სკორსეზეს ფილმში ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პერსონაჟს: მოსაწყენ “ავიატორში”, ბრწყინვალე “The Departed”-ში და ახლა საოცრად ჩამთრევ “Shutter Island”-ში. და ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო კარგად. რაღაც ისეთს ხედავს სკორსეზე დიკაპრიოში. ალბათ გამოსაშტერებლად მაგარ მსახიობს. მოკლედ, ეს რომ “Shutter Island”-ში ვერ დაინახო, ორივე თვალით და მესამეთითაც ბრმა უნდა იყო. მგონი ამან, ტფუ-ტფუ-ტფუ, მე და თქვენ გვერდი აგვარიდა.

უი, რა მინდა აღვნიშნო, მთელი ფილმის მსვლელობისას, ერთი 19-ჯერ მაინც ავღნიშნე, თუ როგორ ვიყავი აღფრთოვანებული თარგმანით. როდესაც პროტოგონისტი ტირის და გაჰკივის, მის ხმაში გაისმის ყველაზე რეალური, ნამდვილი ტკივილი – ან გამხმოვანებელს გიგანტურ მახათს ურჭობდნენ სტომაქში, ან უბრალოდ, ადამიანი საშინლად შეიჭრა როლში. ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ძალზედ კარგად გამოვიდა.

ახლა კი დაფიქრდით: თუ სურათს შესწევს ძალა, გაარღვიოს რუსული დუბლიერბის ოსტატთა კუსებრი ჯავშანი, რომელთა ანგარიშზეც, თარგმანის გამო დაღუპული ასეულობით ფილმი მოიძებნება, მაშინ თქვენ რას გიზამთ? აჰა, ზუსტად, წარმოდგენაც კი საშიშია.

© ბაჩო ოდიშარია

ბულვარული შედევრი – “გაბრიელი ვარ, ღმერთს დამალაპარაკეთ”

February 14, 2010 6 comments

რატომ ვკითხულობთ ბულვარულ რომანებს? ისინი ხომ ვულგარული, ქუჩური ენით დაწერილი, უხამსი ლიტერატურული დარგის კუთვნილებაა, რომელის კითხვისასაც, დაახლოებით მეთერთმეტე გვერდზე უკვე ხვდები რით დასრულდება ყველაფერი.

ისინი აეროპორტებში იყიდება. მაღაზიაში, შეიძლება ხურდის მაგივრად შემოგთავაზონ. მარგინალია არ უვარგა, უხარისხო შრიფტია უხარისხო ქაღალდზე, ავტორის სახელიც არაფერს გეუბნებათ. შეიძლება სათაურმა დაგაინტერესოთ და დაიწყოთ კითხვა. მეთერთმეტე გვერდზე უკცვე გეცოდინებათ რით დამთავრდება ყველაფერი. უი, ეს უკვე ვთქვი. თვალში გხვდებათ აბზაცების დაუბალანსებელი ბმა, უკმაყოფლო ხართ გაუმართავი ლექსიკით და მდარე ნარატივით. მაგრამ, თქვენ მაინც აგრძელებთ კითხვას და ბოლო სტრიქონამდეც კი ჩადიხართ.

შედეგი? უახლოეს ურნაში მოისვრით და დაგენანებათ ის რამდენიმე საათი, რომელიც მის კითხვას მოახმარეთ. ან, დახურავთ წიგნს, აღფრთოვანებულს, სინანულის გრძნობა შემოგიტევთ, რომ აქამდე არ მოგეცათ საშუალება ამ ბრწყინვალე ნამუშევრით ტკბობისა – ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

დღეს ერთი ფილმი ვნახე (ორი ვნახე, მაგრამ ახლა ამ ერთზე მინდა ვისაუბრო), რომლის რეჟისორის გვარმაც მე ბევრი მითხრა, თუმცა 97 წელს (ფილმის გამოსვლის თარიღი) რიგით მაყურებელს ბევრს ვერაფერს ეტყოდა. თავიდან ძალიან მეზარებოდა ყურება. რამდენიმე წუთის შემდეგ, მონიტორიდან ჩემს მოწყვეტას, სახანძრო ბრიგადა ვერ შეძლებდა. ვუყურებდი ფილმს, რომელშიც რეჟისურა მოიკოჭლებდა, სიუჟეტური განვითარება, თერთმეტი წუთის შემდეგ ცხადი შეიქნა. კადრები რიგ ეპიზოდებში საშინლად ებმოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მე მაინც დიდი ინტერესით ვუყურებდი ფილმს. დასასრულს, ვინანე რომ აქამდე არ მქონდა ნანახი.

“A life less ordinary” ბულვარული ფილმია. მას არ გააჩნია დიდი (არც მცირე) კინემატოგრაფული მნიშვნელობა. მისი შემქმნელი ახალბედაა და ჯერ კიდევ ვერ მორგებულა მყუდროდ რეჟისორის სავარძელში (ალბათ საზურგეზე გვარიც კი არ ეწერეა). ფილმის ფაბულა არაფრითაა გამორჩეული – ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ უყვარდებათ ერთმანეთი სოციალური ფენის ორ რადიკალურ კუთხეში მდგარ ადამიანს (დანარჩენს თავად მიხვდებით), გაცვეთილი თემაა და ერთი შეხედვით, მასში აღარაფერია საინტერესო. ასევე ეგონა ყველას ზომბების თემატიკაზე. ფილმები ცოცხალ გვამებზე, აღარავის ინტერესს არ აღძრავდა და რომერო როდესაც მორიგ სცენარს წერდა, სახლიდან ავეჯის გაყიდვა უხდებოდა, რადგან მსხვილი კინოკომპანიები, ბიუჯეტის გამოყოფაზე უარს უცხადებდნენ. თუმცა, მოვიდა ერთ დღეს დენი ბოილი და გადაატრიალა ზომბი-სამყარო. მისი “28 კვირის შემდეგ” ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა (ზომბი) ჟანრის წარმომადგენელია.

ალბათ, დენი ბოილს გააჩნია რაღაც ზებუნებრივი უნარი, აარჩიოს ბანალური თემატიკა და გადაიღოს დიდებული სურათი. ფაქტია, რომ მას ეს საუკეთესოდ გამოსდის. ნარკომანია იქნება ეს, ბავშვის წარმოსახვითი სამყარო, კოსმოსში მოგზაურობა თუ “არ არსებობს იდეალური დანაშაული”, ის ყველა გადაღეჭილ თემაზე, ბრწყინვალე ფილმს იღებს. მისტერ ბოილია სწორედ იმ საოცრების სულისჩამდგმელი, რომელსაც “A life less ordinary” ეწოდება (თუ რომელიმე ამას აქამდე ვერ მიხვდით, ჯობს აღარ გეწყინოთ, როდესაც იმბიცილს დაგიძახებენ).

წუწუნი ფილმის ადვილად პროგნოზირებადი სიუჟეტის შესახებ, იგივეა, რომ იწუწუნოთ თქვენი საყვარელი კერძის განუმეორებლად პიკანტურ გემოზე. “ბედისწერა”, “ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი”, “სამოთხცეში ყველაფერი თეთრია”, “სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას”, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ათასჯერ გვინახავს, წაგვიკითხავს და გვსმენია. მთავარი ისაა, რომ ზემოთხსენებული მოწოდებულია ძალზედ ლამაზ და გემოვნებიან შეფუთვაში.

სამსახიობო შესრულება უმაღლეს დონეზეა. ევან მაკგრეგორი და კამერონ დიასი ბრწყინავენ როგორც ნამდვილი ვარსკვლავბი. რამდენიმე ფრაზა, დიალოგი და სცენა ფილმში უდიდესი ემოციების ფოიერვერკია. დასასრული კი, დასასრული ზუსტად ისეთია, როგორიც გინდა, რომ იყოს.

ასე და ამგვარად, ზოგჯერ, ბულვარული რომანი, შეიძლება პატარა შედევრი აღმოჩნდეს. ამიტომ, ნურასოდეს იტყვით მათზე უარს. ეს ფილმი კი აუცილებლად ნახეთ. თუ ყველამ არა, იმათმა მაინც, ვინც ოდესმე ყოფილა საშიშროების ქვეშ… შეყვარებოდა ვინმე.

© ბაჩო ოდიშარია

“ავატარი” – დიდებული თავგადასავალი

January 30, 2010 8 comments

რით დავიწყო არც კი ვიცი. დილის ცხრა საათია. ახლა მოვედი სახლში. არა, ავატარი 12 იყო სადღაც რომ დამთავრდა, შემდეგ მეგობრებთან ერთად ბევრ ადგილს მივაკითხე, ბევრი ადამიანი ვნახე, არც თუ ისე ბევრი დავლიე, ემოციებისგან დავიტვირთე, მაგრამ ის ემოცია, რაც მე “ავატარმა” მომცა…

მოკლედ, მას შემდეგ, რაც “ავატარს” ჰქონდა ჩემს თვალებთან, ის ვალდებულია მათზე დაქორწინდეს!

თქვენ ელოდით კემერონისგან ვიზუალურ რევოლუციას კინემატოგრაფში? მიიღეთ! ეზიარეთ! დატკბით! არ ხართ ამის ღირსები, არავინ არ ვართ, არც-ერთი ჰუმანოიდი, მაგრამ გვაქვს ამის საშუალება. ამ ნაბიჭვარმა რეჟისორმა მოგვცა ამის საშუალება. გამოგონილი? რა არის გამოგონილი? პანდორა? სამ მეტრიანი ლურჯი უცხოპლანეტელები? ულამაზესი მცენარეები? ფერადი პტეროდაქტილები? ჰმ. ეს ყველაფერი რეალურია! რეალური! რეალური! ჩვენი ცხოვცრება უფრო გავს ფიქციას, ვიდრე კემერონის ფილმი.

დარბაზიდან გამოსვლისას მე არ ვკანკალებდი. ახლა ვკანკალებ, როდესაც ვწერ ამ გრანდიოზული, ფეერიული, ეპიკური, თვალისმომჭრელი, თავბრუდამხვევი, გენიალური ფილმის შესახებ. მხატვრული ფილმის? თუ დოკუმენტურის? ძნალია, ძნელია კონსტატირება. არ გეგონოთ, რომ სურათს თვითიდენტიფიკაციასთან აქვს რაიმე პრობლემა, პირიქით, თვითიდენტიფიკაციას აქვს პრობლემები “ავატართან”. არა, ასე ვერ გავაგრძელებ, ზედმეტად ეგზალტირებული ვარ. ცოტათი დავწყნარდები, ჩაის დავისხავ და შემდეგ გავაგრძელებ.

მგონი ცოტათი დავწყნარდი. თუ არა? არ ვიცი. მოკლედ, “ავატარში” ყველაფერია, რის გამოც ღირს ფილმის ყურება. დიდებული ექშენი, ბრწყინვალე სამსახიობო შესრულება, დრამა, სიყვარული – ეს ასეც უნდა ყოფილიყო პრინციპში, სამყაროს მბრძანებლები შეცდომებს არ უშვებენ როდესაც ახალს, უნიკალურს, გრანდიოზულს ქმნიან.

სიუჟეტური ხაზის არჩევისასაც კი – ათასჯერ გაგონილი, ნანახი, გადაღეჭილი ისტორია “მგლებთან მოცეკვავეზე” – ეს ფაქტიურად გამოწვევაა მთელი კინემატოგრაფისა. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უჩვენო მაყურებელს ისტორია ორი რადიკალურად განსხვავებული კულტურების შეტაკებასა და ყველაფრის მძლეველი სიყვარულის შესახებ – მოდი ასე ვიტყვი, არც თუ ისე მარტივი ამოცანაა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ყოვლისშემძლე კემერონს, განსაკუთრებული საიდუმლო არ აქვს. მას უბრალოდ განუსაზღვრელი ტალანტი და ენთუზიაზმი გააჩნია – და სწორედ ესაა ჩვენი, მაყურებლის ბედნიერება – ჩვენ ყელამდე გვავსებს მისი სიყვარული და პატივისცემა.

ამის საპასუხოდ, კემერონს უყვარს თავის მაყურებელი და არა მხოლოდ. მას უყვარს პანდორა, მისი გრაციისა და სილამაზის გამო, მისი მაცხოვრებლების ჰარმონიის გამო, მათი უნარის გამო, მიიღონ თავიანთ რიგებში არა მხოლოდ უცხო, არამედ პრაქტიკულად პოტენციური მტერი, მათი დაუოკებელი სურვილის გამო, წინ აღუდგნენ გაცილებით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, მათი რწმენის გამო და მხოლოდ იმტომაც, რომ უბრალოდ არსებობენ.

მას უყვარს თავის ფილმი. თან ისე ძლიერად, რომ ამ გრძნობის კაშკაშა შუქი, შავ, პოლარიზაციულ სტერეოსათვალეებშიც კი აღწევს, მიფრინავს თვალების მიღმა, ტვინში აწყობს სადღესასწაულო ფოიერვერკს და სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს გულში.

კიდევ ძალიან ბევრი მინდა ვწერო ამ საოცრების შესახებ,მაგრამ ამაზე მეტად, მინდა რომ დავიძინო. ვინ იცის, იქნებ გამოღვიძებულმა, როდესაც თვალებს გავახელ, აღმოვაჩინო, რომ აქამდე ყველაფერი სიზმარი იყო, ახლა კი, ნამდვილ სამყაროში შევაბიჯე.

© ბაჩო ოდიშარია

სამგანზომილებიანი საშობაო ზღაპარი – ზემეკისი წოვს თუ “ამირანი”?

January 19, 2010 11 comments

სანამ თავად ფილმზე საუბარს დავიწყებდე, მინდა შევეხო 3D-ს ხარისხს ჩვენს კინოთეატრში. მოკლედ, არ ვიცი ცუდად დამონტაჟებული აპარატურის ბრალია, სათვალეებია უხარისხო, პროექტორი გვაქვს საბჭოთა წარმოების თუ უბრალოდ ზემეკისი ვერ იღებს სამ განზომილებიან ფილმებს ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ ცალსახაა – სეანსი ვერ განიჭებს იმ შეგრძნებებს, რომელის გამოც ღირს 3D-ში ფილმების ყურება. 90 წუთზე მეტი დროის განმავლობაში, მაქსიმუმ ოთხი ეპიზოდი იყო, როდესაც ვიგრძენი, რომ სამგანზომილებიან ფილმს ვუყურებდი. თუმცა, მოლოდინის გაუმართლებლობაზე მეტად, მაყურებლების შეძახილებმა გამაღიზიანა. “ვაიმე, რა მაგარია”, “აუ, შემეშინდა”, “ეეე”, “იიი”, “უუუ”, “ხედაავ?” და ა.შ. ასევე, სეანსის მსვცლელობისას, არის დიდი ხარვეზი – თითქმის ყოველ 10 წუთში, ეკრანი ბნელდება რამდნეიმე წამით და ამ დროს დარბაზში მსხდომთა რეპლიკები ყველაზე გამაღიზიანელბელია. ძალიან მინდოდა, ყველას, გოგო იყო ეს თუ ბიჭი, ბავშვი თუ მოხუცი, უცებ, ერთდროულად დაწყებოდათ მენსტრუაცია. და ყველას, ვინც კი დარბაზიდან სათვალე გამოიტანა და გახარებული სახით იღებდა სურათებს, მინიმუმ კატარაქტა დამართნოდათ. ასე და ამგვარად, ქცევის მხრივ სიტუაცია მეტად სავალალოა. ახლა კი ფილმს რაც შეეხება.

თუ გადავშლით მრავალგვერდიან წიგნს – “ჰოლივუდის ყვითელი ფურცლები”, აღმოვაჩენთ “თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი დამღუპველი გავლენისა და დამოკიდებულებისაგან განსაკურნებელი კლინიკის”(იგივე 3D კლინიკის) კოორდინატებს. მასში, ზოგი საკუთარი ნებით, ზოგი ახლობლების, ან კოლეგების დაჟინებით, ხვდებიან კარგი, ნიჭიერი რეჟისორები, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ზედმეტი ყურადღების გამო, სულ გადაავიწყდათ თავიანთი პირველადი დანიშნულება – გადაიღონ ფილმები.

იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კლინიკა არ მოიძებნება, მაშინ მისი დაარსება აუცილებელია, ხოლო ღირსეულ პირველ პაციენტად, რობერტ ზემეკისის მიღება, იმისდა მიუხედავად, თუ რაოდენ ხმამაღლა არ უნდა გაჰკიოდეს ეს უკანასკნელი, რომ “შეუძლია თავის დანებება”.

არა, მართლა ძალზედ საწყენია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაიღო რამდენიმე ჭეშმარიტად საკულტო ფილმი და რომელსაც ალბათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თავისი ტალანტი, იმდენადაა ჩაფლული ამ სამგანზომილებიან მაიმუნობებში, რომ უკვე ვეღარ წარმოუდგენია მის გარეშე ფილმის გადაღება.

ამასთან სიუჟეტი, არა, მთლად კვაზიმოდოსავით არ არის, მაგრამ არც ამაყად თავაწეული შეუძლია სიარული. ეკრანიზაცია ისტორიისა, რომელიც ყველა ცივილიზიებულ ადამიანს სმენია ასე თუ ისე, რა თქმა უნდა ახალს ვერაფერს იძლევა. მაყურებლის თვალწინ სკრუჯის მთელი ცხოვრება გადაიშლება – ბავშვობა, მოწიფული ასაკი, სიბერე, აწმყო და ცოტათი მომავალიც. ამ ექსკურსიის მორალი, პირველივე კადრიდან გასაგები ხდება და მოდი სიმართლე ვთქვათ, ათჯერ მისი გამეორება, არანაირ სასიკეთო შედეგს არ იძლევა.

ამ ყველაფერთან ერთად, სანახაობრივობის მხრივ, მხოლოდ ორი პუნქტით შეიძლება მისი შეფასება – “კარგია” და “ჰმ, არაუშავს”. ყოველ სკრუპულოზურად აღწერილ სკრუჯს, მოყვება ათამდე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, რომელთაც, თავიანთი ემოციურობით, მხოლოდ თოჯინების თეატრში თუ მიიღებდნენ. რამდნეიმე ლამაზ ფრენის ეპიზოდს, მოსდევს ხუთი ასეთივე სცენა, რაც საბოლოოდ ძალიან დამღლელი ხდება. ყველაზე გამაღიზიანებელი კი გახლავთ აწმყო შობის მოჩვენება, რომელიც გამუდმებით ხარხარებს. სერიოზულად, უკვე მესამე წუთზე მისი გამოჩენიდან, ყველაზე კეთილ და დიდსულოვან ადამიანს მოუვა თავში ფიქრები ბრუტალურ მკვლელობაზე.

დადებით მხარეებს რომ გადავხედოთ, მმ, ასეთი მხოლოდ ორია: მომავლის შობის მოჩვენება და საახალწლო განწყობა, რომელის აღწერაც ზემეკისს საუკეთესოდ გამოსდის. სამწუხარო ისაა, რომ მათ ფონზე, ფილმის მინუსები კიდევ უფრო მკვეთრად იკვეთება.

შესაძლოა ოდესმე, ზემეკისმა მიაგნოს იმ ჯადოსნურ ფორმულას, რომელიც საშუალებას მიცემს, თავის საყვარელ ფორმატში, საოცრებები აკეთოს და არ დაავიწყდეს – მე კიდევ მჯერა რომ მას ეს არ დაუკარგავს – რეჟისორული პოტენციალი. აი მაშინ კი, მსოფლიოს მოევლინება ახალი შედევრი, ისეთი, როგორიცაა “უკან მომავალში” და “ფორესტ გამპი”, უბრალოდ 3D-ში, რომელიც არ დაიწყებს საბნის თავის მხარეს ქაჩვას, არამედ დაეხმარება ისტორიას განვითარებაში.

მინდა მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი, უახლოეს მომავალში მოხდება.

© ბაჩო ოდიშარია

მისი უდიდებულესობა ჰოლმსი

January 17, 2010 9 comments

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, ყოველთვის წვრილმანებშია დამალული – ასეთია ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსის დედუქციური მეთოდის პირველი პოსტულატი. მასზე დაყრდნობით წერდა სერ არტურ კონან დოილი და ამასვე, დიდი ძალისხმევით, ოსტატურად იგნორირებას უკეთებდნენ გაუცვეთელი კლასიკის რეჟისორები. იყო ცუდი ეკრანიზაციები, იყო საშინელი. იყო ნორმალურიც. მოკლედ, უმეტესწილად ნაგავი.

მაშინ, ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა გადაიღონ შერლოკ ჰოლმსის იდეალური ეკრანიზაცია? – იკითხავთ თქვენ. ელემენტარულად – გიპასუხებთ გაი რიჩი. უბრალოდ საჭიროა ავიღოთ ხედვის რადიკალურად განსხვავებული კუთხე და გადავატრიალოთ სამყარო. თუ აქამდე, ყველა რეჟსირორი ჰოლმსს მხოლოდ დიდი მოაზროვნის ტიტულით გვიჩვენებდა, რატომ არ უნდა მივანიჭოთ მას დამსახურებული თავდადებული გმირის წოდება? ისეთის, როგორიც სინამდვილეშია. სიკეთე ყოველთვის მხოლოდ ლუპითა და ჩიბუხით არ არსებობს, ზოგჯერ მას მუშტებიც ახლავს. ასევე, გადასაღებ მოედანზე უნდა მოვიხმოთ კარგი მსახიობები, გამჭრიახი სცენარისტები, ნიჭიერი კომპოზიტორი და რასაკვირველია, არ უნდა ჩავისვაროთ დეტალებში.

სულ პირველად რასაც აქცევ ყურადღებას და რაც გაკვირვებს ყველაზე მეტად, არის წარმოუდგენელი, თითქმის ზებუნებრივი წვდომა რეჟსირორისა, ნაწარმოების სიტყვებისა და სულისადმი. მიუხედავად ყოველგვარი განახლებისა და ნოველისაგან განდგომისა სიუჟეტის მხრივ, გმირები და ისტორია უფრე მეტად კანონიკურია, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი.

ამაში “დამნაშავე” რაპირველ რიგში ბრწყინვალე კასტინგია. რობერტ დაუნი უმცროსი მგონი ყველაზე უჩვეულო, ექსცენტრიული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე ლოგიკური სახეა დიდებული დეტექტივისა, რომელიც კი ოდესმე ფირზე ასახულა. საქმის გარეშე, ის გახრწნას იწყებს, მოწინააღმდეგეებს ებრძოლება უშიშრად და გამუდმებით იგონებს სულ ახალ-ახალ ხერხებს, დანაშაულის გასახსნელად. ასეთ, ჭეშმარიტად ბრწყინვალე პიროვნებას, ღირსეული კომპანიონი ესაჭიროება. და სწორედ ამ დროს, სცენაზე გამოდის ჯონ ჰემიშ უოთსონი, რომელიც გეგონება, ჯუდ ლოუს პროტოტიპად შეუქმნიათო. ამასთან, პირველად კინოს ისტორიაში, გაითვალისწინეს, რომ ექიმი, არის მებრძოლი ადამიანი და არანაკლებ მნიშვნელოვანი პირი, ვიდრე მთავარი პროტოგონისტი. ურთიერთობა ამ ორს შორის კი მეტად ფეერიულია. გაი რიჩი, მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ყოველთვის ადეკვატურად გვიჩვენებდა მამაკაცურ მეგობრობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან მოახერხა და საკუთარ თავს გადააბიჯა. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ცალსახა ხდება, თუ რატომ განიცდიდა ასე ძლიერ ჰოლმსი, უოთსონის, როგორც “მეზობლის” დაკარგვას. და საერთოდ, პირველად, კინემატოგრაფის ისტორიაში, ფილმი წყვეტს ერთი გმირის ბენეფისად ყოფნას და ხდება საუკეთესო ოდა, დეტექტიური დუეტის შესახებ.

მაგრამ ყველაზე ძლიერი მხარე ფილმისა, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა მისი ყველაზე დიდი მინუსი ყოფილიყო, არის სიუჟეტი. ის კლასიკურია, არაპროგნოზირებადი, ძალზედ ლოგიკური და ძალზედ გამართული, იდეალურიც კი, ნარატივის მხრივ. შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს არა ორიგინალური სცენარი, არამედ კონან დოილის მორიგი ნოველაა.

იუმორსა და ხუმრობებზე დიალოგებში, მგონი არც ღირს ყურადღების გამახვილება. საკმარისია შეხედოთ რეჟისორის გრაფას და მაშინვე თვალნათლივ დაინახავთ, როგორ დგას საქმე ამ კუთხით. გაი რიჩის თუ რამე გამოსდის ბრწყინვალედ, ეს ხუმრობებია, რისი დემონსტრირებაც შესანიშნავად მოახერხა “ჰოლმსშიც”.

და ყველაზე მთავარი, რაც ალბათ თითოეულს აღელვებს: როგორ არის საქმე დედუქციისა და ექშენის მხრივ? ხელს ხომ არ უშლის ერთი მეორეს? ჰმ, საერთოდ არა! პირიქით, ერთი მეორეს ეხმარება. ლოგიკური განხილვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გათიშოს ჰოლმსმა მოწინააღმდეგე უმცირესი ძალისხმევის შედეგად, არანაკლებ და შეიძლება უფრო მეტადაც საინტერესო და გასართობი საყუერებლია, ვიდრე ექშენ-სცენა, რომელიც მას მოსდევს. მოკლედ, თავად სეკვენციები, მაქსიმალურად ორგანულად ერწმის სიუჟეტს და ისტორიულ ეპოქასც. მთავარია, რომ ისინი გადაღებულია არაჩვეულებრივი სტილის გრძნობით და გემოვნებით.

“შერლოკ ჰოლმსში” ერთნაირად კარგადაა შერწყმული მრავალფენიანი სიუჟეტი, შესანიშნავი გმირები, არაჩვეულებრივი იუმორი და თავბრუდამხვევი ექშენი. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ქრონომეტრაჟით გათვალისწინებული ორი საათი, ისე გავიდეს როგორც ერთი. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ გაი რიჩიმ, ფრენჩაიზს დაუბრუნა მის სუბსტანცია, რომელიც ყველას წიგნის ავტორივით დიდი ხნის გარდაცვლილი ეგონა – დაუსრულებელი თავგადასავლების შეგრძნება. ფილმის დასასრულს, დაუოკებელი გრძნობა ჩნდება, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მიიღო მონაწილეობა ჰოლმსისა და უოთსონის მორიგ გამოძიებაში.

ასე რომ, მოიმარჯვეთ ჩიბუხები ჯენტლმენებო, საქმე კვლავ გახსნილია.

© ბაჩო ოდიშარია

გარეკილი, გენიალური, ნაბიჭვარი ტარანტინო

November 19, 2009 6 comments

უნიკალური შემთხვევა კინომედიცინის პარქტიკაში – ავადმყოფი, რომელიც სტაციონარულ კლინიკაში ათი წლის წინ მოხვდა მშვენიერ მდგომარეობაში, რომელიც დღითი-დღე უარესდებოდა, ხოლო საბოლოოდ, კომაში აღმოჩნდა, არა მხოლოდ გამოკეთდა, არამედ სრულიად გამოჯანმრთელდა საათსა და ოცდაათ წუთში. არადა, ექიმები უკვე სასიცოცხლო აპარატის გამორთვის საკითხის წამოსაჭრელად ემზადებოდნენ.

მიუხედავად ამისა, აი ისიც – საღ-სალამათი დგას ჩვენს წინ და ეშმაკურად იღიმება. მზადაა მიიღოს მილოცვები, მტკიცებები სამარადისო სიყვარულის შესახებ და სხვადასხვა ყურადღებიანი ჟესტები. მთავარია, იგი ახსოვდეთ და უყურებდნენ. უყურებდნენ და ესმოდეთ მისი.

იცი კვენტინ, თითქმის მზად ვიყავი შენზე ხელი ჩამექნია (ალბათ არა მხოლოდ მე), მოსაწყენი “ჯეკი ბრაუნის” და იდიოტური “სიკვდილის მტკიცებულების” შემდეგ (ერთი “მოკალი ბილი” გამოგივიდა ნორმალური). არა, მართლა, ვინ არ ჩაიქნევდა ხელს, ზედგადამკვდარი ფანატიკოსების გარდა? სადაც იყო დავიჯერე, რომ შენ, ისე ღრმად ჩაიძირე საკუთარ სინეფილობაში, რომ ბანალურად დაგავიწყდა, როგორ უნდა გადაგეღო ფილმები, გამუდმებული ციტატების, კინოსაუბრებისა და სხვა კინოეკვილიბრისტიკის გარეშე.

მეჩვენებოდა, რომ საცა იყო გამოვიდოდა რომელიღაც “მეათე ფილმი კვენტინ ტარანტინოსი”, რომელშიც მთავარი გმირები, მთელი ეკრანული დროის განმავლობაში იაფფასიანი ბარის მაგიდასთან გაატარებდნენ, ჯერ ძველ ამერიკულ კინემატოგრაფზე, შემდეგ ძველ ჩინურ კინემატოგრაფზე, შემდეგ კი ძველ ევროპულ კინემატოგრაფზე საუბარში.

მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს ასე არ მოხდა. Inglourious Basterds ხუთჯერ უფრო ტრაკის ამხევი და სამჯერ უფრო აზრიანი გამოვიდა, რეჟისორის წინა ნამუშევრებთან შედარებით. და ეს იმის ფონზე, რომ ტარანტინო აშკარად არ ისახავდა მიზნად, გადაეღო ყველაზე ჭკვიანური ფილმი კარიერაში.

მოკლედ, კვენტინისათვის დითირამბების მღერა კიდევ ძალიან დიდ ხანს შეიძლება. დავიწყოთ საოცრად დრამატული სცენიდან, ეშმაკივით ქარიზმატული ესესელის – ჰანს ლანდას მონაწილეობით – გენიალურია. შემდეგ უკვე ჩვეულ ძველ ტარანტინოსეულ სტილს უბრუნდება ფილმი და ხვდები, რომ ის მკვდრეთით აღდგა. თუმცა, ეპიზოდი, რომელშიც არ ჩანს ლანდა, გაცილებით მოიკოჭლებს იმ ეპიზოდთან შედარებით, რომელშიც ის დომინირებს. ბრწყინვალე კრისტოფ უოლცის ფონზე, ყველა დანარჩენი (ანტი)გმირი, უკანასკნელი იდიოტივით გამოიყურება, ატროფირებული იუმორის გრძნობით.

როგორც ხედავთ, ფილმში ყველაფერი რიგზეა. მართალია შუა ნაწილისათვის ტემპი საგრძნობლად ეცემა, მაგრამ არა ინტერესი სურათისადმი. დასასრულს კი მაყურებელი სულიერი განწყობის იმ უმაღლეს კატეგორიას აღწევს, რომლის გამოც, ყველა მცირე თუ მსხვილი შეცდომის პატიება, ავტომატურად მოვალებად იქცევა.

უხ, კინაღამ დამავიწყდა მუსიკალურ გაფორმებას შევხებოდი. მუსიკა ფილმში სრულყოფილია. ძალიან ცოტაა სურათი, რომელსაც ასე განუმეორებლად ერწყმოდეს საუნდტრეკი. ტარანტინო მორიკონეს იყენებს მაქსიმალურად და თან ისე, თითქოს ეს უკანასკნელი, მთელი ცხოვრება მხოლოდ მისთვის წერდა კომპოზიციებს.

რეზიუმირება რომ მოვახდინო, უხეშად, მაგრამ სრული ჭეშმარიტებით, ნაბიჭვარმა ტარანტინომ, გადაიღო ბრწყინვალე ფილმი ნაბიჭვრებზე, ნაბიჭვარი კინომანებისათვის (და არა მხოლოდ). და გენიალურ საფინალო ფრაზას თუ გავიხსენებთ, “შეიძლება” არა, მას ნამდვილად გამოუვიდა შედევრი!

© ბაჩო ოდიშარია