Archive

Posts Tagged ‘ავიატორი’

Shutter Island – მარტისა და ლეოს სამფლობელო

თებერვალი 27, 2010 21 comments

სიბერის წლებში, მარტინ სკორსეზემ უჩვენა ახალგაზრდა ხულიგნებს, როგორებიც არიან მაგალითად ჯეიმს ვანი და ემ ნაით შამალანი, თუ რაში მდგომარეობს დაძაბულობის მთელი ჰარმონია. “Shutter Island”-ს შემდეგ, ამ პატარა, ტრილერის გენიოსებმა მოულოდნელი დასასრულებით, მართალია ჯერ ადრეა იფიქრონ მონასტერში წასვლაზე ცოდვების მოსანანიებლად, მაგრამ ამით, სიტუაცია ნაკლებ ირონიულ სახეს ნამდვილად არ იღებს.

ისევ მეორდება ისტორია, როგორც ეს იყო “The Departed”-ს შემთხვევაში, როდესაც არავინ, გარდა ერთგული ფანებისა, არ მოელოდა ბაბუისაგან ასეთ საოცრებას. როგორ იმყოფება ასეთ კარგ ფორმაში? რას მიირთმევს საუზმეზე? რომელ სტეროიდებს იღებს? რა ჟანრის პორნოზე მასტურბირებს? და ეს ოხერი, მალე დაიწყოს ამ ყველაფრის სხვებისათვის გაზიარება – ახალგაზრდა თაობას ესაჭიროება ჯანსაღი აღზრდა.

უწოდო “Shutter Island”-ს ატმოსფერული ფილმი, იგივეა მზეზე თქვა: ამ პატარა ბურთულას, ცოტა არ იყოს და მხურვალე ზედაპირი აქვს. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფილმის ატმოსფერო, დაუკითხავად იჭრება შენი ლოკაციის არეალში და გირღვევს მყუდროებას, თითქოს შენს გვერდით მჯდომი პიროვნება, ურცხვად გაბოლებს სახეში თამბაქოს კვამლს. ეფექტი ამისაგან ძალზედ დიდია – რიგ მომენტებზე ძლიერი ნერვული წიკები გეწყება, ზოგზე კი პარანოიის შემოტევები.

სიუჟეტი ყოველგვარი სტიმულატორის გარეშე, გაგონებს, არა, გიჟის ნაბოდვარს არა, მაგრამ ავადმყოფურიი წარმოსახვის ნაწარმს – რა თქმა უნდა კარგი გაგებით. მოიცადეთ, სხვა რამეს მოელოდით ფილმისგან, სადაც მთავარი პერსონაჟი ფედერალური მარშალია, რომელსაც ხშირად ელანდება გარდაცვლილი ცოლი და რომელსაც გაგზავნიან ერთ-ერთი პაციენტის უეცარი გაუჩინარების გამოსაძიებლად, კუნძულზე არსებული მკაცრი რეჟიმის საგიჟეთში, სადაც იმყოფებიან მეუღლეების მკვლელები და შესაძლოა არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებენ ყოფილი ფაშისტი დამნაშავეები?

ფაბულას თუ საღ გონებაზე დავუკვირდებით, ადვილად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ რაღაც არ არის წესრიგში, მაგრამ დამიჯერეთ, რეორგანიზაცია მოახდინო ფილმის მსვლელობისას, შეუძლებელია, იმდენად დამაჯერებლად ურევენ გონებას ჩვენს მეგობარ ლეოს. მართალია მთელ სურათში აქა-იქაა გაფანტული მინიშნებები, მაგრამ ამას ბოლო წუთებამდე ვერ ამჩნევ, სანამ მოზაიკა მთლიანად არ შეივსება – არა შენით, არამედ ავტორის მეშვეობით. ყველაფერი უბრალოდ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს – მთავარი გმირი, მისი გარშემომყოფები, მოტივაცია და შედეგი. მართალია მაყურებლისაგან წინასწარმეტყველი არ გამოვიდა, მაგრამ არის წუთები, როდესაც თავს ყველაზე დიდ შტორციან ფსიქოლოგად იგრძნობთ. რა თქმა უნდა თქვენ შეცდებით, მაგრამ ის რამდენიმე წუთი ორგაზმზე სასიამოვნო იქნება (არა, ეს გადავამლაშე). რაღაცნაირი სასიამოვნო ფაქტია, როდესაც მაყურებელსა და რეჟისორს შორის, ასეთი კარგი ურთიერთგაგება ხდება.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, დიკაპრიო უკვე მესამედ თამაშობს სკორსეზეს ფილმში ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პერსონაჟს: მოსაწყენ “ავიატორში”, ბრწყინვალე “The Departed”-ში და ახლა საოცრად ჩამთრევ “Shutter Island”-ში. და ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო კარგად. რაღაც ისეთს ხედავს სკორსეზე დიკაპრიოში. ალბათ გამოსაშტერებლად მაგარ მსახიობს. მოკლედ, ეს რომ “Shutter Island”-ში ვერ დაინახო, ორივე თვალით და მესამეთითაც ბრმა უნდა იყო. მგონი ამან, ტფუ-ტფუ-ტფუ, მე და თქვენ გვერდი აგვარიდა.

უი, რა მინდა აღვნიშნო, მთელი ფილმის მსვლელობისას, ერთი 19-ჯერ მაინც ავღნიშნე, თუ როგორ ვიყავი აღფრთოვანებული თარგმანით. როდესაც პროტოგონისტი ტირის და გაჰკივის, მის ხმაში გაისმის ყველაზე რეალური, ნამდვილი ტკივილი – ან გამხმოვანებელს გიგანტურ მახათს ურჭობდნენ სტომაქში, ან უბრალოდ, ადამიანი საშინლად შეიჭრა როლში. ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ძალზედ კარგად გამოვიდა.

ახლა კი დაფიქრდით: თუ სურათს შესწევს ძალა, გაარღვიოს რუსული დუბლიერბის ოსტატთა კუსებრი ჯავშანი, რომელთა ანგარიშზეც, თარგმანის გამო დაღუპული ასეულობით ფილმი მოიძებნება, მაშინ თქვენ რას გიზამთ? აჰა, ზუსტად, წარმოდგენაც კი საშიშია.

© ბაჩო ოდიშარია