Archive

Posts Tagged ‘კინემატოგრაფი’

…Just gonna have to be a different man…

სექტემბერი 12, 2009 2 comments

ბოლო ორი წელია ვამტკიცებ, რომ აბსოულუტურად ყველანი ვიცვლებით და თან ცუდი კუთხით. ვკარგავთ იმ თვისებებს, რომლითაც სხვებისაგან გამოვირჩევით და რაც უნიკალურს გვხდის. ბევრი რომ არ ვიფილოსოფოსო, მოკლედ და კონკრეტულად, ჩემი თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები იცვლებიან და ეს ცვლილებები სავალალოა.

დღეს ძმაკაცი იყო ჩემთან გამოსული და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე. იმაზე, თუ როგორ გვაღიზიანებს, როდესაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს ისეთი ბნაჯგვლები აქვთ სხეულის ამა თუ იმ მონაკვეთზე, როგორიც რობინ უილიამსს აქვს თითებზე. მერე ბავშვობის მოგონებებში გადავვარდით, Westlife-ს და Backstreet Boys-ს ვიდეოები ვნახეთ და უეცრად გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ეგრედ წოდებული “სამეგობრო დღიური” აღმოვაჩინე. გახსოვთ ალბათ ყველას, 90-ანი წლების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა ასეთი სახის “ჟურნალები” და ვისაც არ ჰქონდა, ან არ ავსებინებდნენ, ბანძ მასტად ითვლებოდა.

რასაკვირველია მეც მქონდა ასეთი არაერთი რვეული და ვისაც კარგი კალიგრაფია ქონდა, მხოლოდ მათ ვაძლევდი ხოლმე შესავსებად. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამოვიღე უჯრიდან ლურჯი შეფერილობის რვეული და დავიწყეთ კითხვა.

თემატიკა რადიკალურად იყო შეცვლილი. მე და ჩემი ოთხი მეგობრის მიერ შედგენილი რუბრიკების მიხედვით, გვქონდა გადაჭრელებული მთელი რვეული. მასში იყო “ბლიც კითხვები”, “გულახდილი საუბრები”, (გულახდილობა იმ კითხვის პასუხებში მდგომარეობდა – “რამე რომ იყოს გაიჩხირავ?” “შეყვარებული გყავს?”, “რა მოგწონს ქალებში?”, “შენი ოცნება?” და ა.შ.) “მთელი კვირა 10 კითხვაში”, “მიყვარს, არ მიყვარს” და ყველაზე საოცარი – “ანბანი”, რომლის შევსების პრინციპიც იმაში მდგომარეობდა, რომ ანბანის 33-ვე ასოზე, უნდა დაგეწერა ის, რაც პირველი მოგაფიქრდებოდა, შესაბამის ასოზე.

როდესაც კითხვა დავასრულეთ, ალათ 47 წლის სიცოცხლე მოგვემატა, ნაოჭები არასოდეს გაგვიჩნდება და ენურესი შეგვაწუხებს მინიმუმ 1 კვირა მაინც. ნუ იტყვით და 13 წლის ასაკში, 178სმ ვყოფილვარ, (მხოლოდ 6სმ-თ გავიზარდე) ლუდი არ მძულდა დღევანდელივით (დღიური თარიღდება 2004 წლის 18 აგვისტოთი), საყვარელი სპორტული ფირმა “ნაიკი” ყოფილა, მავნე ჩვევა ბილწსიტყვაობა და შატალოებზე სიარული. აკვიატებული მქონია თითების ტკაცუნი, ვაგროვებდი კომიქსებს, ვაღმერთებდი ბობ მარლის და გაფეტიშებული მქონდა იმამაიკაზე.

საოცნებო კუნძულს ვუწოდებდი და 20 წლის შემდეგ, თავი მხოლოდ მის პლაჟზე წარმომედგინა. არ მიყვარდა “პედერასტები”, “ბოზები”, “ჩათლახი და თესლი ხალხი” შავი სოკოლადი და რძე (ახლა ორივე მიყვარს), თუმცა, რაღაც მაინც ძველებურად დარჩა – ადრე ადგომა და წვნიანი კერძები ახლაც ზიზღს მგვრის. გულახდილად ვაღიარებდი, რომ არასოდეს გავიკეთებდი წამალს, რადგან “შევეცი ყველა ნარკამანს”. ვოცნებობდი გამოვსულიყავი პალეონტოლოგი და აღმომეჩინა აქამდე უცნობი სახეობის დინოზავრი. ვთვლიდი, რომ 13 წლის უკვე ბავშვი აღარ ვიყავი და ვწუხდი იმაზე, რომ ცუდი ადამიანები არსებობენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერასოდეს ვაპატიებდი ღალატს (სტანდარტული პასუხი), არასოდეს დამავიწყდებოდა პირველი კოცნა და ვერასოდეს გავხდებოდი ქიმიკოსი.

შიშს ჩემში მხოლოდ ახლობლების დაკარგვა იწვევდა, ტყუილს მხოლოდ მაშინ ვამბობდი, როდესაც ეს არავის ვნებდა, ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ყურადღებიანი და ვაღიარებდი საკუთარ ნაკლს – სიზარმაცეს. საყვარელი წიგნი ბოკაჩოს “დეკამერონი” იყო, ვგიჟდებოდი “შატალოებზე” სიარულზე და ვფიქრობდი, რომ რეკორდსმენი ვიყავი ამ საკითხში. მიყვარდა ცხოველები და ექსტრემელური სიტუაციები. ვაბოდებდი ჩემს შეყვარებულზე და რომ არ იყოს ის აბზაცები გადაშლილი, რომლებშიც მის შესახებ წერია, სიამოვნებით წავიკითხავდი. ვერ ვიტანდი სკოლას და “შკოლნიკ ხალხს”, ჩემი ალგებრა/გეომეტრიის, ქიმიის და ფიზიკის მასწავლებლებს. მძულდა ნალექიანი ყავა, რეპი, შოკოლადი “მარსი” და ანტიპათიას იწვევდნენ ქერა და ცისფერთვალება გოგონები.

ძალიან მიტაცებდა და ვცდილობდი ღრმად ვყოფილიყავი ჩახედული ბერძნულ მითოლოგიაში. ვენერა მილოსელი “მაგარ ქანდაკებად” მიმაჩნდა, ლამაზი ქალი კი შთაგონების წყაროდ. ბიბილიური ონანის მითიც ზეპირად ვიცოდი, ყაყაჩოსაგან ოპიუმის მიღების ხერხებიც და გაგიკვირდებათ და ისიც, რომ წყალი ერთ-ერთი ის აუცილებელი კომპონენტია, რომლის გარეშედაც ადამიანი ვერ იარსებებს. სიყვარული უდიდეს გრძნობად მიმაჩნდა, საპირისპირო სქესში ყველაზე მეტად ღიმილი მხიბლავდა და ცხენს ცხოველთა იმ კატეგორიას მივაკუთვნებდი, რომელიც “მაგარს დარბის და რომლის გახედვნაც, არც თუ ისე ძნელია”.

ზემოთხსენებული და კიდევ სხვა მრავალი მარგალიტი აღმოვაჩინე დღეს, რომელსაც 5 წლის წინ სრული სერიოზულობით ვუყურებდი. გარდა იმისა, რომ უზომოდ ბევრი ვიცინე, სერიოზულადაც დავფიქრდი იმაზე, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო რადიკალურად ვიცვლებით. სასიხარულო ის იყო, რომ მე დადებითი ცვლილებები აღმოვაჩინე და გულზე მომეშვა, ჩემი ხელითვე დაწერილი მისწრაფებები, ახლა სრული ინდიფერენტულობის ექვივალენტური რომ არის ჩემთვის.

ასეა თუ ისე, ბევრი რამ პოზიტურად შეიცვალა, ბევრი ნეგატიურად. ახლა, იმამაიკას ალასკა მირჩევნია, ბობ მარლის მორისეი, “დეკამერონს” “სამი მეგობარი” “ჰეინეკენს” ლიმნიანი ჩაი, ჰომოფობი აღარ ვარ, კოლექციებიც გავაჩუქე, მასწავლებლების ნაცვლად, ლექტორებს ვაგინებ, გაკვეთილების მაგივრად კი ლექციებს ვაცდენ. ერთი რამ კი მაინც უცვლელი დარჩა და ბოლომდე ასე იქნება – კინემატოგრაფი და მუსიკა, ყოველთვის მეყვარება.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
კატეგორიები:Ugly Truth, Uncategorized ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

უცხოპლანეტელთათვის წაკითხვა აკრძალულია!

სექტემბერი 11, 2009 5 comments

კაცობრიობისადმი რეჟისორ ნილ ბლომკამპისა და პროდიუსერ პიტერ ჯექსონის კრიტიკული შეხედულება, ზედმეტად კრიტიკულიც კი გამოვიდა. იმ დონემდე კრიტიკული, რომ ფილმი არავითარ შემთხვევაში უნდა ნახონ ისეთმა ადამიანებმა, ვინც ატომური რეაქტორების სტაბილურ მუშაობას აკონტროლებენ. ალბათ არავის მოგინდებათ, რომ ასეთი პროფესიის ადამიანებმა, უცებ დაკარგონ რწმენა ჩვენი ცივილიზაციის დადებითი მხარეების არსებობაში.

ფილმის მსვლელობისას, გიჩნდება სურვილი, საკუთარი თავი დარწმუნო, რომ ჩვენ არც ასეთი ოდიოზურები ვართ, მაგრამ მცდელობა წამსვე ფიასკოს განიცდის, რადგან “მეცხრე რაიონი”, ულტიმატუმით გიცხადებს: “თქვენ ყველანი, ნეხვით სავსე ტომრები ხართ” – და საოცრად ძნალია შეეწინააღმდეგო მას.

თავის თეზისის დასამტკიცებლად, ფილმი გვთავაზობს ძალზედ საინტერესო სცენარს, ერთგვარ ვარდისფერ ოცნებას, ყველა რასისტისათვის, როდესაც როგორც იქნა გამოჩნდება უნივერსალური უმცირესობა, რომლის მიმართაც სიძულვილი აერთიანებს ყველა ეთნოსის ადამიანს. მართალია ჩვენ ისევ ვერ ვიტანთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა საერთო ძალებით ვცდილობთ, ღიმილიანი სახით, გენოციდი არა ერთმანეთს, არამედ სხვა პლანეტიდან მოსულ არსებებს მოვუწყოთ. ადამიანებს არ უშლის ხელს ის ფაქტი, რომ გიგანტური კოსმოსური ხომალდი კიდია იოჰანესბურგის თავზე. არც ის, რომ მის მგზავრებს გრძნობები გააჩნიათ, აზროვნება შეუძლიათ, ისევე, როგორც ჩვენ. არა, ისინი ხომ მხოლოდ მოლუსკები არიან.

სიუჟეტის მეტად საინტერესო სვლა (და ასეთი სვლები მრავლადაა ფილმში), გახლავთ ის, რომ სურათში, არ მოიძებნება არც-ერთი დადებითი ჰუმანოიდი პერსონაჟი. მთავარი გმირიც კი, ერთი საცოდავი (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) პიროვნებაა. მისნაირ ადამიანს, უსაფრთხო ტერიტორიის დასაზვერადაც კი არ გაუშვებს, ყველაზე ინფანტილური გენერალიც კი. უფრო მეტიც, ნორმალურ ჰოლივუდურ ფილმშიც არ აიყვანენ მას. მაგრამ ეს არც ნორმალური ფილმია და მითუმეტეს, არც ჰოლივუდური. ეს არის საუკუნის საუკეთესო sci-fi, რომელიც ჟანრისათვის მინიმალური ბიუჯეტით, 30 მილიონით გადაიღეს შემქმნელებმა, მაგრამ ვიზუალური ნაკლი, მცირედიც კი არ მოიპოვება. სიუჟეტურად კი, საოცრად გამართული, ემოციური და ღრმა ფაბულის მქონეა.

როგორც პრაკტიკა გვიჩვენებს, პარანორმალურ მოვლენებთან გამკლავება და კორპორატიულ, თუ სახელმწიფოებრივ მანქანის საბურავის ჭანჭიკის მოშვება, მხოლოდ მაშინ არაა რთული, როდესაც შენ უილ სმიტი, ან თუნდაც ჰარისონ ფორდი ხარ. მაგრამ სუბიექტისათვის, სახელად შარლტო კოპლი, რომელიც დამსახურებულ კლერკს წააგავს, ამ ქმედებების შესრულება, ჯოჯოხეთურად ძნელი იქნება.

სამაგიეროდ, განცდები და დრამა, სწორედ ამ ადამიანს აქვს ყველაზე რეალური. თავადაც კარგად მოგეხსენებათ, როგორც ხდება ხოლმე – პროტოგონისტისაგან ყოველთვის სიკეთის განსახიერებას მოელი – გმირულ ქმედებებს და რაციონალურ გადაწყვეტილებებს. ყველაფერს, გარდა სიმხდალის, ორპირობის და სხვა ასეთი ბრწყინვალე თვისებებისა.

“District 9”-ში, არაჩვეულებრივადაა დემონსტრირებული, თუ როგორ სიამოვნებთ ბლომკამპსა და ჯექსონს, საყოველთაო კლიშეების ფეხქვეშ გათელვა. ისინი აგრეთვე იმ თავისუფლებითაც მეტად კმაყოფილები არიან, რომელიც ეძლევათ ასეთი ბიუჯეტის მქონე ფილმების შემქმნელებს, რომელთაც გაყიდვების სპეციალისტიც კი არ ყავთ დაქირავებული. ერთი რამაა გაუგებარი, პირველ ადგილას თავბრუდამხვევი ექშენი დგას, რომელშიც მთავარი როლი დათმობილი აქვთ ადამიანებს, რომლებიც საჰაერო ბუშტებივით სკდებიან, თუ ემოციოურ აქცენტებს, რომლის დროსაც, არაადამიანური შესახედაობის, მაგრამ ბევრად უფრო ჰუმანური უცხოპლანეტელების ბედს განიცდი.

“მეცხრე რაიონის” ხილვის შემდეგ, ყველაზე მატად, გინდება “დამოუკიდებლობის დღეს” უყურო, რათა დარწმუნდე – ხომ არ შეგეცვალა შეხედულებები დედამიწაზე? იქნებ ცივილიზაციის განადგურების გეგმა ისეთ დიდ ტრაგედიად აღარ მოგეჩვენოს, არამედ პირიქით, დამსახურებულ სასჯელად?

ძალიან გთხოვთ, გულწრფელად თქვით, ხშირად ჩნდებიან ასეთი ფილმები?

© ბაჩო ოდიშარია