Archive

Posts Tagged ‘პანდორა’

“ავატარი” – დიდებული თავგადასავალი

იანვარი 30, 2010 8 comments

რით დავიწყო არც კი ვიცი. დილის ცხრა საათია. ახლა მოვედი სახლში. არა, ავატარი 12 იყო სადღაც რომ დამთავრდა, შემდეგ მეგობრებთან ერთად ბევრ ადგილს მივაკითხე, ბევრი ადამიანი ვნახე, არც თუ ისე ბევრი დავლიე, ემოციებისგან დავიტვირთე, მაგრამ ის ემოცია, რაც მე “ავატარმა” მომცა…

მოკლედ, მას შემდეგ, რაც “ავატარს” ჰქონდა ჩემს თვალებთან, ის ვალდებულია მათზე დაქორწინდეს!

თქვენ ელოდით კემერონისგან ვიზუალურ რევოლუციას კინემატოგრაფში? მიიღეთ! ეზიარეთ! დატკბით! არ ხართ ამის ღირსები, არავინ არ ვართ, არც-ერთი ჰუმანოიდი, მაგრამ გვაქვს ამის საშუალება. ამ ნაბიჭვარმა რეჟისორმა მოგვცა ამის საშუალება. გამოგონილი? რა არის გამოგონილი? პანდორა? სამ მეტრიანი ლურჯი უცხოპლანეტელები? ულამაზესი მცენარეები? ფერადი პტეროდაქტილები? ჰმ. ეს ყველაფერი რეალურია! რეალური! რეალური! ჩვენი ცხოვცრება უფრო გავს ფიქციას, ვიდრე კემერონის ფილმი.

დარბაზიდან გამოსვლისას მე არ ვკანკალებდი. ახლა ვკანკალებ, როდესაც ვწერ ამ გრანდიოზული, ფეერიული, ეპიკური, თვალისმომჭრელი, თავბრუდამხვევი, გენიალური ფილმის შესახებ. მხატვრული ფილმის? თუ დოკუმენტურის? ძნალია, ძნელია კონსტატირება. არ გეგონოთ, რომ სურათს თვითიდენტიფიკაციასთან აქვს რაიმე პრობლემა, პირიქით, თვითიდენტიფიკაციას აქვს პრობლემები “ავატართან”. არა, ასე ვერ გავაგრძელებ, ზედმეტად ეგზალტირებული ვარ. ცოტათი დავწყნარდები, ჩაის დავისხავ და შემდეგ გავაგრძელებ.

მგონი ცოტათი დავწყნარდი. თუ არა? არ ვიცი. მოკლედ, “ავატარში” ყველაფერია, რის გამოც ღირს ფილმის ყურება. დიდებული ექშენი, ბრწყინვალე სამსახიობო შესრულება, დრამა, სიყვარული – ეს ასეც უნდა ყოფილიყო პრინციპში, სამყაროს მბრძანებლები შეცდომებს არ უშვებენ როდესაც ახალს, უნიკალურს, გრანდიოზულს ქმნიან.

სიუჟეტური ხაზის არჩევისასაც კი – ათასჯერ გაგონილი, ნანახი, გადაღეჭილი ისტორია “მგლებთან მოცეკვავეზე” – ეს ფაქტიურად გამოწვევაა მთელი კინემატოგრაფისა. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უჩვენო მაყურებელს ისტორია ორი რადიკალურად განსხვავებული კულტურების შეტაკებასა და ყველაფრის მძლეველი სიყვარულის შესახებ – მოდი ასე ვიტყვი, არც თუ ისე მარტივი ამოცანაა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ყოვლისშემძლე კემერონს, განსაკუთრებული საიდუმლო არ აქვს. მას უბრალოდ განუსაზღვრელი ტალანტი და ენთუზიაზმი გააჩნია – და სწორედ ესაა ჩვენი, მაყურებლის ბედნიერება – ჩვენ ყელამდე გვავსებს მისი სიყვარული და პატივისცემა.

ამის საპასუხოდ, კემერონს უყვარს თავის მაყურებელი და არა მხოლოდ. მას უყვარს პანდორა, მისი გრაციისა და სილამაზის გამო, მისი მაცხოვრებლების ჰარმონიის გამო, მათი უნარის გამო, მიიღონ თავიანთ რიგებში არა მხოლოდ უცხო, არამედ პრაქტიკულად პოტენციური მტერი, მათი დაუოკებელი სურვილის გამო, წინ აღუდგნენ გაცილებით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, მათი რწმენის გამო და მხოლოდ იმტომაც, რომ უბრალოდ არსებობენ.

მას უყვარს თავის ფილმი. თან ისე ძლიერად, რომ ამ გრძნობის კაშკაშა შუქი, შავ, პოლარიზაციულ სტერეოსათვალეებშიც კი აღწევს, მიფრინავს თვალების მიღმა, ტვინში აწყობს სადღესასწაულო ფოიერვერკს და სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს გულში.

კიდევ ძალიან ბევრი მინდა ვწერო ამ საოცრების შესახებ,მაგრამ ამაზე მეტად, მინდა რომ დავიძინო. ვინ იცის, იქნებ გამოღვიძებულმა, როდესაც თვალებს გავახელ, აღმოვაჩინო, რომ აქამდე ყველაფერი სიზმარი იყო, ახლა კი, ნამდვილ სამყაროში შევაბიჯე.

© ბაჩო ოდიშარია

კატეგორიები:Movie, Review ტეგები:, ,