Archive

Posts Tagged ‘პიქსარი’

აჰა და დამასვენე!

October 26, 2009 4 comments

დღევანდელ “სერჩ თერმებში” ვიღაც აქტიურად ცდილობდა გაეგო, როგორ გამოიყურება ანიმაციური სტუდიის “პიქსარის” ლოგო.

რა არის პიქსარის სიმბოლო
პიქსარის სიმბოლო
რა არის პიქსარის ანიმაციური სტუდიის სიმბოლო
როგორია პიქსარის ანიმაციური სტუდიის სიმბოლო
პიქსარის ლოგო
რანაირია პიქსარის ლოგო

ძალიან სურს ადამიანს ამის შეტყობა. აგერ ბატონო (თუ ქალბატონო), ეს არის “პიქსარის” სიმბოლო, ლოგო, ა.შ.

არც თუ ისე დიდი გამყინვარება

თუ სადმე ჰოლივუდში, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებობს სპეციალური სკოლა, სადაც შეასწავლიან სიქველების და პრიქველის შექმნას, მაშინ, მე დაახლოებით გეტყვით, თუ როგორ სწავლობენ იქ, ესა თუ ის სტუდიები.

“დისნეი” პრაქტიკულად ყველა გაკვეთილზე დადის, მაგრამ ათიდან ცხრა შემთხვევაში, მისი ნიშნობრივი შეფასება “ცუდს” ვერ ცილდება, იმიტომ, რომ საშინაო დავალებას ზერელედ ეკიდება, სკოლაში ჩანთის გარეშე დადის და კიდევ, ამბობენ, რომ მამამისი, ყოველგვარი ნიშნის მიუხდავად, მაინც აძლევს სამგზავრო და ჯიბის ფულს. აქედან გამომდინარეობს შედეგიც – ის არ წვალობს დიდად შეფასებების გამოსასწორებლად.

“პიქსარი” ყველაზე ურჩი მოსწავლეა. მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა სკოლაში, უმაღლესი შეფასება მიიღო და იმის მერე თვალით აღარავის უნახავს. დამრიგებელს მშობლის გამოძახება მოუხდა, ბევრი უჩიჩინეს, რომ სასარგებლო და აუცილებელი იყო გაგრძელებების გაკეთება. საბოლოოდ, ამან თავის ქნა და შემდეგ წელს იგეგმება ახალი საკურსოს წარდგენა.

“დრიმვორკსი” ყველაზე წარმატებულ მოსწავლედ ითვლებოდა. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაწერა პირველი რეფერატი, რომელიც აბსოლუტურ ოლიმპიადაზე გავიდა. თუმცა, ამის შემდეგ მოადუნა ყურადღება და ნელ-ნელა გაცდენები დაიწყო. მიღწევები კი, სადაცაა “დისნეისას” გაუტოლდება.

ყველაზე გამორჩეული სიყვარულით, მასწავლებლები “ფოქსს” ეპყრობიან. დადის ისეთი სიხშირით, რომ თავის ჰაბიტუსი არავის ამოუყვანოს ყელში, ყურადღებით ადგენს კონსპექტებს, საშინაო დავალება მუდამ მზად აქვს და არც დამატებითი კითხვების დასმისა ერიდება პედაგოგებთან.

“ფოქსის” ნამუშევრების შესწავლა, დიდი სიამოვნებაა და ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი სტაჟიანი მასწავლებელი. შრომისმოყვარე და ნიჭიერი აქხალგაზრდა, ყოველ დავალებას უდიდესი ენთუზიაზმით ეკიდება და ამასთან, სკრუპულოზურად ითვალისწინებს სიქველიზაციის ყველა წესებს.

ხშირად ბევრს ავიწყდება, რომ სიქველი ახალი პერსონაჟების გარეშე, რომელთაც პოტენციურად შესწევთ ძალა, მთელი პროექტი საკუთარ ზურგზე იტვირთონ, ვერც ისეთი კარგი სიქველია. ოღონდ ეს პერსონაჟი, განსაკუთრებული უნდა იყოს. ამის აუცლებლობაში, “მესამე შრეკის” მაგალითზეც დარწმუნდებით. მულტფილმს მხოლოდ ძველი გვარდიის ხუმრობები შველის (არადა როგორი შთამბეჭდავი იყო ჩექმებიანი კატა მეორე სერიაში). თუნდაც “მადაგასკარი: გაქცევა აფრიკიდან”. მასში მხოლოდ რამდენიმე სახალისო ეპიზოდია და ისიც, უკვე კარგად ნაცნობი პინგვინების შესრულებით.

ფრიადოსან “ფოქსზე” მომუშავე, “დიდი გამყინვარების” შემქმნელები, ასეთ შეცდომებს არ უშვებენ, რადგან მათ კარგად ესმით, რას ნიშნავს ახალი გმირების შემოყვანა ფილმში მაშინ, როდესაც მთავარი პერსონაჟების ხასიათი, ცვლილებებს არ ექვემდებარება (ვის რაში ჭირდება ჭკვიანი, გამოსადეგი და სიმპატიური სიდი?). ამიტომ, მეორე სერიაში, სცენარისტებმა კაცობრიობას აჩუქეს კრეში და ენდი, ძალიან სასაცილო ოპოსუმები, ხოლო მესამეში, მაყურებელთა სამსჯავროზე წარადგინეს ბაკი (ვერ დავადგინე რა ცხოველია) – ცალთვალა, დინოზავრის კბილისაგან გაკეთებული ხანჯალით ხელში და ჭკუიდან შეშლილი მეკობრის მანერებით.

საკუთარ ტვინთან, ბაკი მხოლოდ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე მეგობრობს და სწორედ ამით არის ის კარგი. კარგადაა ცნობილი, რომ რაც უფრო დარეხვილია პერსონაჟი, მით უფრო გიჟური ხუმრობების გაგება შეიძლება მისი პირიდან. სწორედ მასთანაა უშუალო კავშირში ის სანახაობრიობა და ექშენი, რომელიც სურათშია. იმ უნიჭო რეჟისორთაგან განსხვავებით, ვინც გიგანტურ ბიუჯეტს, გაურკვეველი ქმედებებისაგან და ძნელად გასარჩევი სიტუაციებისგან შემდგარ ექშენში აბანდებს, “დიდ გამყინვარება 3”-ში, ექშენი ყურებადი, ძალიან სწრაფი და უზომოდ სასაცილო გამოვიდა.

მოკლედ, ახალი მოთამაშის დამატება, რომელიც რთულ მომენტში დაგეხმარება რჩევით, ქმედებით, თუ გონებამახვილური ხუმრობით, ყოველთვის სასიამოვნოა. მიუხედავად მუდმივად გონების მიღმა, თავის გამოგონილ სამყაროში ყოფნისა, სადაც ბროკოლით შეიძლება დინოზავრის მოკვლა, ქვა მობილური ტელეფონის ფუნქციას ასრულებს და ნებადართულია ანანასებზე ქორწინება, ბაკი არ ცდილობს მაყურებლის მთელ ყურადღება, საკუთარ თავზე გაამახვილოს, თუმცა თავისუფლად შეუძლია ამის გაკეთება.

რაც შეეხება სკრატს, ის უკვე მარტო აღარ არის. რკოში მოცილე გამოუჩნდა და დიდი დილემის წინაშეც კი დააყენა. ერთი ეპიზოდი, რომელიც ეულად დარჩენილ, მიტოვებულ და გულგატეხილ მუხის ნაყოფზეა მთლიანად აგებული, და რომელსაც აკომპანიმენტს უწევს სიმღერა, შემდეგი ტექსტით – “how I miss your furry lips, your shallow, rapid breathin’, I wish you only knew, that I’m only nuts for you!” იმდენად სასაცილო და სენტიმენტალურია, რომ ერთდროულად იწვევს რაღაც მიამიტურ თანაგრძობასა და სიცილს.

რეზიუმირება რომ მოვახდინო, “დიდი გამყინვარება 3”, სიუჟეტით საერთოდ ვერ დაიკვეხნის, არც ანიმაციის ხარისხია უნიკალური, სამაგიეროდ, კარგი თავგადასავალი, მეკობრე ბაკი, სასაცილო ხუმრობები, დრაივი და მხიარულება, საათისა და ოცდაათი წუთის განმავლობაში, თქვენი თანმხლები პირები იქნებიან.

© ბაჩო ოდიშარია