Archive

Posts Tagged ‘პროდიუსერი’

უცხოპლანეტელთათვის წაკითხვა აკრძალულია!

September 11, 2009 5 comments

კაცობრიობისადმი რეჟისორ ნილ ბლომკამპისა და პროდიუსერ პიტერ ჯექსონის კრიტიკული შეხედულება, ზედმეტად კრიტიკულიც კი გამოვიდა. იმ დონემდე კრიტიკული, რომ ფილმი არავითარ შემთხვევაში უნდა ნახონ ისეთმა ადამიანებმა, ვინც ატომური რეაქტორების სტაბილურ მუშაობას აკონტროლებენ. ალბათ არავის მოგინდებათ, რომ ასეთი პროფესიის ადამიანებმა, უცებ დაკარგონ რწმენა ჩვენი ცივილიზაციის დადებითი მხარეების არსებობაში.

ფილმის მსვლელობისას, გიჩნდება სურვილი, საკუთარი თავი დარწმუნო, რომ ჩვენ არც ასეთი ოდიოზურები ვართ, მაგრამ მცდელობა წამსვე ფიასკოს განიცდის, რადგან “მეცხრე რაიონი”, ულტიმატუმით გიცხადებს: “თქვენ ყველანი, ნეხვით სავსე ტომრები ხართ” – და საოცრად ძნალია შეეწინააღმდეგო მას.

თავის თეზისის დასამტკიცებლად, ფილმი გვთავაზობს ძალზედ საინტერესო სცენარს, ერთგვარ ვარდისფერ ოცნებას, ყველა რასისტისათვის, როდესაც როგორც იქნა გამოჩნდება უნივერსალური უმცირესობა, რომლის მიმართაც სიძულვილი აერთიანებს ყველა ეთნოსის ადამიანს. მართალია ჩვენ ისევ ვერ ვიტანთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა საერთო ძალებით ვცდილობთ, ღიმილიანი სახით, გენოციდი არა ერთმანეთს, არამედ სხვა პლანეტიდან მოსულ არსებებს მოვუწყოთ. ადამიანებს არ უშლის ხელს ის ფაქტი, რომ გიგანტური კოსმოსური ხომალდი კიდია იოჰანესბურგის თავზე. არც ის, რომ მის მგზავრებს გრძნობები გააჩნიათ, აზროვნება შეუძლიათ, ისევე, როგორც ჩვენ. არა, ისინი ხომ მხოლოდ მოლუსკები არიან.

სიუჟეტის მეტად საინტერესო სვლა (და ასეთი სვლები მრავლადაა ფილმში), გახლავთ ის, რომ სურათში, არ მოიძებნება არც-ერთი დადებითი ჰუმანოიდი პერსონაჟი. მთავარი გმირიც კი, ერთი საცოდავი (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) პიროვნებაა. მისნაირ ადამიანს, უსაფრთხო ტერიტორიის დასაზვერადაც კი არ გაუშვებს, ყველაზე ინფანტილური გენერალიც კი. უფრო მეტიც, ნორმალურ ჰოლივუდურ ფილმშიც არ აიყვანენ მას. მაგრამ ეს არც ნორმალური ფილმია და მითუმეტეს, არც ჰოლივუდური. ეს არის საუკუნის საუკეთესო sci-fi, რომელიც ჟანრისათვის მინიმალური ბიუჯეტით, 30 მილიონით გადაიღეს შემქმნელებმა, მაგრამ ვიზუალური ნაკლი, მცირედიც კი არ მოიპოვება. სიუჟეტურად კი, საოცრად გამართული, ემოციური და ღრმა ფაბულის მქონეა.

როგორც პრაკტიკა გვიჩვენებს, პარანორმალურ მოვლენებთან გამკლავება და კორპორატიულ, თუ სახელმწიფოებრივ მანქანის საბურავის ჭანჭიკის მოშვება, მხოლოდ მაშინ არაა რთული, როდესაც შენ უილ სმიტი, ან თუნდაც ჰარისონ ფორდი ხარ. მაგრამ სუბიექტისათვის, სახელად შარლტო კოპლი, რომელიც დამსახურებულ კლერკს წააგავს, ამ ქმედებების შესრულება, ჯოჯოხეთურად ძნელი იქნება.

სამაგიეროდ, განცდები და დრამა, სწორედ ამ ადამიანს აქვს ყველაზე რეალური. თავადაც კარგად მოგეხსენებათ, როგორც ხდება ხოლმე – პროტოგონისტისაგან ყოველთვის სიკეთის განსახიერებას მოელი – გმირულ ქმედებებს და რაციონალურ გადაწყვეტილებებს. ყველაფერს, გარდა სიმხდალის, ორპირობის და სხვა ასეთი ბრწყინვალე თვისებებისა.

“District 9”-ში, არაჩვეულებრივადაა დემონსტრირებული, თუ როგორ სიამოვნებთ ბლომკამპსა და ჯექსონს, საყოველთაო კლიშეების ფეხქვეშ გათელვა. ისინი აგრეთვე იმ თავისუფლებითაც მეტად კმაყოფილები არიან, რომელიც ეძლევათ ასეთი ბიუჯეტის მქონე ფილმების შემქმნელებს, რომელთაც გაყიდვების სპეციალისტიც კი არ ყავთ დაქირავებული. ერთი რამაა გაუგებარი, პირველ ადგილას თავბრუდამხვევი ექშენი დგას, რომელშიც მთავარი როლი დათმობილი აქვთ ადამიანებს, რომლებიც საჰაერო ბუშტებივით სკდებიან, თუ ემოციოურ აქცენტებს, რომლის დროსაც, არაადამიანური შესახედაობის, მაგრამ ბევრად უფრო ჰუმანური უცხოპლანეტელების ბედს განიცდი.

“მეცხრე რაიონის” ხილვის შემდეგ, ყველაზე მატად, გინდება “დამოუკიდებლობის დღეს” უყურო, რათა დარწმუნდე – ხომ არ შეგეცვალა შეხედულებები დედამიწაზე? იქნებ ცივილიზაციის განადგურების გეგმა ისეთ დიდ ტრაგედიად აღარ მოგეჩვენოს, არამედ პირიქით, დამსახურებულ სასჯელად?

ძალიან გთხოვთ, გულწრფელად თქვით, ხშირად ჩნდებიან ასეთი ფილმები?

© ბაჩო ოდიშარია