Archive

Posts Tagged ‘ჯუდ ლოუ’

მისი უდიდებულესობა ჰოლმსი

January 17, 2010 9 comments

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, ყოველთვის წვრილმანებშია დამალული – ასეთია ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსის დედუქციური მეთოდის პირველი პოსტულატი. მასზე დაყრდნობით წერდა სერ არტურ კონან დოილი და ამასვე, დიდი ძალისხმევით, ოსტატურად იგნორირებას უკეთებდნენ გაუცვეთელი კლასიკის რეჟისორები. იყო ცუდი ეკრანიზაციები, იყო საშინელი. იყო ნორმალურიც. მოკლედ, უმეტესწილად ნაგავი.

მაშინ, ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა გადაიღონ შერლოკ ჰოლმსის იდეალური ეკრანიზაცია? – იკითხავთ თქვენ. ელემენტარულად – გიპასუხებთ გაი რიჩი. უბრალოდ საჭიროა ავიღოთ ხედვის რადიკალურად განსხვავებული კუთხე და გადავატრიალოთ სამყარო. თუ აქამდე, ყველა რეჟსირორი ჰოლმსს მხოლოდ დიდი მოაზროვნის ტიტულით გვიჩვენებდა, რატომ არ უნდა მივანიჭოთ მას დამსახურებული თავდადებული გმირის წოდება? ისეთის, როგორიც სინამდვილეშია. სიკეთე ყოველთვის მხოლოდ ლუპითა და ჩიბუხით არ არსებობს, ზოგჯერ მას მუშტებიც ახლავს. ასევე, გადასაღებ მოედანზე უნდა მოვიხმოთ კარგი მსახიობები, გამჭრიახი სცენარისტები, ნიჭიერი კომპოზიტორი და რასაკვირველია, არ უნდა ჩავისვაროთ დეტალებში.

სულ პირველად რასაც აქცევ ყურადღებას და რაც გაკვირვებს ყველაზე მეტად, არის წარმოუდგენელი, თითქმის ზებუნებრივი წვდომა რეჟსირორისა, ნაწარმოების სიტყვებისა და სულისადმი. მიუხედავად ყოველგვარი განახლებისა და ნოველისაგან განდგომისა სიუჟეტის მხრივ, გმირები და ისტორია უფრე მეტად კანონიკურია, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი.

ამაში “დამნაშავე” რაპირველ რიგში ბრწყინვალე კასტინგია. რობერტ დაუნი უმცროსი მგონი ყველაზე უჩვეულო, ექსცენტრიული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე ლოგიკური სახეა დიდებული დეტექტივისა, რომელიც კი ოდესმე ფირზე ასახულა. საქმის გარეშე, ის გახრწნას იწყებს, მოწინააღმდეგეებს ებრძოლება უშიშრად და გამუდმებით იგონებს სულ ახალ-ახალ ხერხებს, დანაშაულის გასახსნელად. ასეთ, ჭეშმარიტად ბრწყინვალე პიროვნებას, ღირსეული კომპანიონი ესაჭიროება. და სწორედ ამ დროს, სცენაზე გამოდის ჯონ ჰემიშ უოთსონი, რომელიც გეგონება, ჯუდ ლოუს პროტოტიპად შეუქმნიათო. ამასთან, პირველად კინოს ისტორიაში, გაითვალისწინეს, რომ ექიმი, არის მებრძოლი ადამიანი და არანაკლებ მნიშვნელოვანი პირი, ვიდრე მთავარი პროტოგონისტი. ურთიერთობა ამ ორს შორის კი მეტად ფეერიულია. გაი რიჩი, მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ყოველთვის ადეკვატურად გვიჩვენებდა მამაკაცურ მეგობრობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან მოახერხა და საკუთარ თავს გადააბიჯა. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ცალსახა ხდება, თუ რატომ განიცდიდა ასე ძლიერ ჰოლმსი, უოთსონის, როგორც “მეზობლის” დაკარგვას. და საერთოდ, პირველად, კინემატოგრაფის ისტორიაში, ფილმი წყვეტს ერთი გმირის ბენეფისად ყოფნას და ხდება საუკეთესო ოდა, დეტექტიური დუეტის შესახებ.

მაგრამ ყველაზე ძლიერი მხარე ფილმისა, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა მისი ყველაზე დიდი მინუსი ყოფილიყო, არის სიუჟეტი. ის კლასიკურია, არაპროგნოზირებადი, ძალზედ ლოგიკური და ძალზედ გამართული, იდეალურიც კი, ნარატივის მხრივ. შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს არა ორიგინალური სცენარი, არამედ კონან დოილის მორიგი ნოველაა.

იუმორსა და ხუმრობებზე დიალოგებში, მგონი არც ღირს ყურადღების გამახვილება. საკმარისია შეხედოთ რეჟისორის გრაფას და მაშინვე თვალნათლივ დაინახავთ, როგორ დგას საქმე ამ კუთხით. გაი რიჩის თუ რამე გამოსდის ბრწყინვალედ, ეს ხუმრობებია, რისი დემონსტრირებაც შესანიშნავად მოახერხა “ჰოლმსშიც”.

და ყველაზე მთავარი, რაც ალბათ თითოეულს აღელვებს: როგორ არის საქმე დედუქციისა და ექშენის მხრივ? ხელს ხომ არ უშლის ერთი მეორეს? ჰმ, საერთოდ არა! პირიქით, ერთი მეორეს ეხმარება. ლოგიკური განხილვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გათიშოს ჰოლმსმა მოწინააღმდეგე უმცირესი ძალისხმევის შედეგად, არანაკლებ და შეიძლება უფრო მეტადაც საინტერესო და გასართობი საყუერებლია, ვიდრე ექშენ-სცენა, რომელიც მას მოსდევს. მოკლედ, თავად სეკვენციები, მაქსიმალურად ორგანულად ერწმის სიუჟეტს და ისტორიულ ეპოქასც. მთავარია, რომ ისინი გადაღებულია არაჩვეულებრივი სტილის გრძნობით და გემოვნებით.

“შერლოკ ჰოლმსში” ერთნაირად კარგადაა შერწყმული მრავალფენიანი სიუჟეტი, შესანიშნავი გმირები, არაჩვეულებრივი იუმორი და თავბრუდამხვევი ექშენი. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ქრონომეტრაჟით გათვალისწინებული ორი საათი, ისე გავიდეს როგორც ერთი. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ გაი რიჩიმ, ფრენჩაიზს დაუბრუნა მის სუბსტანცია, რომელიც ყველას წიგნის ავტორივით დიდი ხნის გარდაცვლილი ეგონა – დაუსრულებელი თავგადასავლების შეგრძნება. ფილმის დასასრულს, დაუოკებელი გრძნობა ჩნდება, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მიიღო მონაწილეობა ჰოლმსისა და უოთსონის მორიგ გამოძიებაში.

ასე რომ, მოიმარჯვეთ ჩიბუხები ჯენტლმენებო, საქმე კვლავ გახსნილია.

© ბაჩო ოდიშარია