Archive

Posts Tagged ‘Queen’

Resistance is not the way

სექტემბერი 11, 2009 დატოვე კომენტარი

რატომღაც, თავიდანვე, “მიუზი”-ს ახალი ალბომის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ “Black Holes and Revelations”-ს შემდეგ, ეჭვი მეპარებოდა, მათ იგივე ხარისხის (უკეთესზე საუბარი აღარც მაქვს) ალბომი ჩაეწერათ. ისეთივე mind blowing-ი და ჟრუანტელის მომგვრელი. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი გამართლდა და “The Resistance” ისევე შორს დგას მისი წინამორბედისაგან, როგორც “პლაცებოს” “Battle for the sun”, “Without you I’m nothing”-სგან.

არ ვიცი ბელამის რა დაემართა, მაგრამ აშკარად მიმბაძველობას მიჰყო ხელი. ალბომში აშკარად იგრძნობა, პოსტ-რედიოჰედის ფსევდო მიმდევრობა. “United States of Eurasia”-ს მოსმენისას კი სასოწარკვეთილი ვაქნევდი თავს, იმის უარყოფის ნიშნად, რომ ეს Muse-ს ტრეკი არ იყო. ბელამი მერკური არაა და ვერც გახდება, როგორც არ უნდა ეცადოს. კარგია, როდესაც საკუთარი კერპებისაგან ცდილობ მაგალითის აღებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კარგად გამოგდის. საბოლოოდ, ალბომის მეოთხე კომპოზიცია, იმდენად აცხადებს პრეტენზიას Queen-ობაზე, რომ გამაღიზიანებელიც კია.

არადა, მოსმენა როდესაც დავიწყე, პირველი ტრეკის შემდეგ, გულდამშვიდებით ვიჯექი, რადგან “Uprising” მართლაც მშვენიერი სიმღერაა. სამაგიეროდ შემდეგ “Resistance” იწყება და ნამდვილად გიცრუვდება გული. ხოლო მას რაც მოყვება, უკვე არაფრით არ გავს იმ “მიუზს”, რომელიც მე და ალბათ უმეტესობა მსმენელებმაც შეიყვარეს.

თითქოს ბენდს სურდა ულტრა ფუტურისტული ჟღერადობა მიეცა ალბომისათვის, თუმცა ამაშიც გადააჭარბეს, ისევე როგორც პიანინოს კუთხით. ზედმეტად შეეცადნენ ყველა ტრეკი სიმფონიისმაგვარი გამოსულიყო, თუმცა აქაც კრახი განიცადეს, რადგან შანსონს უფრო დაამსგავსეს ეს ყველაფერი.

“MK Ultra” ალბომის ყველაზე ნათელი წერტილია და ბენდის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა. დასაწყისშივე, სავსე დრაივით და ბოლოსკენ ისეთი explosion დასასრულით, რომ ცოტათი აბათილებს მანამდე მონასმენ აბდაუბდას. “Exogenesis”-ს ტრილოგია კიდევ ცალკე საკითხია. პირველი სიმფონია ფილმის ტრეილერისთვის დაწერილ კომპოზიციას გავს. მეორეს შუა ორი წუთი რომ ამოაჭრა, ნორმალური გამოვა, მესამე კი, მათ შორის ნამდვილი ლიდერია, ზომიერად მელანქოლიური და ჰარმონიულიც კი.

საბოლოოდ, ალბომი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ “მიუზი” საკუთარი შემოქმედების წინააღმდეგ წავიდა. სიახლის ძიებაში, მათ ზედმეტი მოუვიდათ და ამით, წარსული დიდების ჩრდილში მიიმალნენ.

4/10

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements